ახალი ამბები

ისტორიაში პირველად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გადააყენეს

4 ოქტომბერი, 2023 •
ისტორიაში პირველად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გადააყენეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი თანამდებობიდან გადააყენეს. უშუალოდ ხმის მიცემით აშშ-ის ისტორიაში სპიკერი პირველად გადააყენეს.

მაკკარტის გადაყენებას მხარი დაუჭირა 216-მა კონგრესმენმა, რომელთა შორის მისივე თანაპარტიელი რვა რესპუბლიკელიც იყო. წინააღმდეგ გამოვიდა პალატის 210 წევრი.

სპიკერის არყოლის პირობებში, პალატა საკანონმდებლო საქმიანობას ვერ აწარმოებს. სპიკერის არჩევნების პირველი რაუნდი, „როიტერსის“ ცნობით, დაგეგმილია 11 ოქტომბერს. უმცირესობაში მყოფი დემოკრატების კანდიდატი იქნება მათი ფრაქციის ლიდერი ჰაკიმ ჯეფრისი. რესპუბლიკელთა კანდიდატი უცნობია, თუმცა აწ უკვე ყოფილი სპიკერი მაკკარტი აღარ აპირებს კენჭი იყაროს, რესპუბლიკელთა ნაწილის მხარდაჭერის მიუხედავად.

მაკკარტის გადაყენების ინიციატივა რესპუბლიკელთა ულტრამემარჯვენე ფრთიდან მოდიოდა. ისინი უკმაყოფილონი იყვნენ მოკლევადიანი საბიუჯეტო კანონპროექტით, რომლითაც აშშ-მა სახსრების გამოუყოფლობით გამოწვეული მთავრობის დახურვა აიცილა თავიდან. თუ 17 ნოემბრამდე კონგრესი არ დაამტკიცებს ახალ მოკლე ან გრძელვადიან ბიუჯეტს, მთავრობის დახურვა მაინც შედგება. კანონპროექტის მისაღებად მაკკარტიმ, რესპუბლიკელთა ნაწილის ოპოზიციის გამო, დემოკრატთა დახმარება გამოიყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი