ახალი ამბები

აქციებზე კარვების შემზღუდავ ცვლილებებს იურიდიულმა კომიტეტმაც დაუჭირა მხარი

3 ოქტომბერი, 2023 • 1126
აქციებზე კარვების შემზღუდავ ცვლილებებს იურიდიულმა კომიტეტმაც დაუჭირა მხარი

შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც აქციებზე კარვების გაშლასაც ზღუდავს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმაც დაუჭირა მხარი. სხდომა დღეს, 3 ოქტომბერს ჩატარდა.

მანამდე, გუშინ საღამოს, კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმაც.

საუბარია „ქართული ოცნების“ ინიციირებულ ცვლილებებზე, რომელიც ამკაცრებს კანონს შეკრებისა და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ.

დღევანდელ განხილვას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, მათ შორის, “სოციალური სამართლიანობის ცენტრისა” და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრები. რაც შეეხება ოპოზიციას, კომიტეტის სხდომაზე შეკითხვები დასვა “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ და “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და იაგო ხვიჩიამ კანონპროექტი გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.

“მე მგონია, რომ ამ კანონპროექტის მიზანი ის არ უნდა იყოს, რაც განმარტებით ბარათში წერია. მე არ მჯერა, რომ თქვენ გამოხატვის თავისუფლების ასეთი ფორმით შეზღუდვით ებრძვით მომავალ გადატრიალებებს, სახელმწიფო ორგანოების დაკავებებს და ბლოკირებებს, კარავი ნუთუ ასეთი საშიშია? და თუ ჩვენ ამ კარვების დადგმას ავკრძალავთ უმიზეზოდ, როგორც ამ კანონპროექტში წერია, რისკები გადაიზღვევა?

ვინაიდან თქვენ არ მგონიხართ უგონო ხალხი, რომელიც ამას ვერ ხვდება, მგონია, რომ რაღაც სხვა მიზანია ამ ყველაფერში და არა ის, რაც აქ წერია. მინდა გკითხოთ, რა რეალური მიზანი აქვს ამ კანონპროექტს, ის ხომ არა, რომ საზოგადოებაში დათესოს რაღაც ტიპის განცდა, რომ თითქოს რაღაც ხდება, თითქოს რევოლუცია მოდის, რომ თქვენ მოგეცეთ ყველაფრის უფლება, როგორც კორონას დროს გქონდათ. ახლა კორონა ჩაანაცვლეთ შესაძლო მომავალი რევოლუციით, რომელსაც არავინ აპირებს”, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ კანონპროექტის შესახებ შეკითხვის დასმისას.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელმა გურო იმნაძემ კი ყურადღება გაამახვილა პროცედურულ საკითხებზე და კანონპროექტის ავტორებს ჰკითხა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, როდესაც საქმე ეხება კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან. ამასთან, მან ისაუბრა კანონპროექტის შინაარსზეც და მის ავტორებს ჰკითხა:

“რამდენად ლოგიკურია, რომ სუს-ის განცხადების საფუძველზე ჩვენ ვცვლით კონსტიტუციით დაცული უფლების სტანდარტს?” — იკითხა იმნაძემ და განმარტა, რომ აქციებზე უსაფრთხოების ზომების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთებულა, როგორც “ქართული ოცნების”, ასევე წინა ხელისუფლებების პირობებშიც, თუმცა ეს საბოლოოდ უშედეგოდ დასრულებულა.

ამაზე საპასუხოდ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ვერ დაუშვებენ დაელოდონ, როდის მოხდება “სახელმწიფო გადატრიალება” და შემდეგ იმოქმედონ. რაც შეეხება ცვლილებებს, მისი თქმით, ეს საქართველოს კონსტიტუციის და საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპული სტანდარტის პრაქტიკის შესაბამისია.

მან ასევე ისაუბრა მიზნებთან დაკავშირებითაც და თქვა, რომ ცვლილებების მიზანი უსაფრთხოებასთან ერთად არის სასამართლოსა და სამართალდამცავი ორგანოებისთვის შესაბამისი კრიტერიუმების განსაზღვრაა, რომლითაც შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში იმოქმედებენ.

ამასთან, მისი განცხადებით, ცვლილებები კარვებისა და მისი მსგავსი დადგმას არ კრძალავს მშვიდობიანი მანიფესტაციისა და შეკრების დროს, თუმცა ის უნდა აკმაყოფილებდეს იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც თავად განსაზღვრავენ კანონით.

კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

  • საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ირწმუნება, რომ USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ. ამის შესახებ 2 ოქტომბერს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან ფარული ჩანაწერი აჩვენეს.

მანამდე სუს-მა მორიგი სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ ინფორმაცია 18 სექტემბერსაც გაავრცელა. სუს-ის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება. როგორც სუსი აცხადებს, აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია.

უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ “ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.

ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი
სუსი „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს თავის ბოლო – 2022 წლის ანგარიშშიც. ანგარიშში საუბარია, რომ „საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამოწვევების მცდელობები“. თუმცა სუსი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებზეა საუბარი. უწყების ანგარიშში ასევე არაა დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება დესტრუქციულ ძალებში.

„ოცნება“ აქციებზე კარვების გაშლის წესს ამკაცრებს
სუსი: USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ტრენინგებს ატარებდნენ
სუსი ანგარიშში „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს, თუმცა არ აკონკრეტებს.

ფოტოზე: ჭიათურელ მაღაროელთა კარავი საპროტესტო აქციაზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი