ახალი ამბები

“არ შეიძლება ამის გატარება” — გოლეთიანი კარვების კანონპროექტს აპროტესტებს

2 ოქტომბერი, 2023 • 7278
“არ შეიძლება ამის გატარება” — გოლეთიანი კარვების კანონპროექტს აპროტესტებს

სამოქალაქო მოძრაობის “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონში “ქართული ოცნების” ინიციირებით შესატან ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი კანონები ავტორიტარული მმართველობის დამახასიათებელია. ამის შესახებ გოლეთიანმა 30 სექტემბერს “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, კარვების აკრძალვა ფაქტობრივად ნიშნავს, რომ ხელისუფლება გრძელვადიან პროტესტებს ზღუდავს, მაგალითად, როგორიც იყო მათი მრავალთვიანი პროტესტი ნამახვანის ჰესის წინააღმდეგ:

“ღია ცის ქვეშ ფიზიკურად ვერ დადგება ადამიანი სხვა შემთხვევაში იმიტომ, რომ იცვლება ამინდი. სულ კარგი ამინდი არაა, მოგეხსენებათ, და რაღაც ტიპის გადახურული ყველა შემთხვევაში საჭიროა”, — განმარტავს ის.

გოლეთიანი ასევე ხაზს უსვამს, რომ კარვების გარდა ცვლილებებში საუბარია “სხვა ტიპის კონსტრუქციებზე”, რაც გულისხმობს სცენის მოწყობას, ხმის გამაძლიერებელ კონსტრუქციებისა და აქციებისთვის საჭირო სხვა ნივთების განლაგებასაც.

“პირდაპირ ამ ფორმით იწყებენ ბრძოლას, რომ კანონით აკრძალონ ყველაფრის გაპროტესტება. ავტორიტარიზმი სხვა არაფერია და ავტორიტარული მმართველობა, როცა მთლიანად ხელში იღებ ხელისუფლებას და მოშლილია ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი და უკვე იმ კომპეტენციის ზღვარს ლახავენ, რაც ჩვენი [ხალხის] უფლებაა, მაგალითად — პროტესტი.

ეს კონსტიტუციური უფლებაა და ესეც შეზღუდული გვაქვს ფაქტობრივად, აღარ შეგვიძლია გამოვიდეთ და გრძელვადიანად გავაპროტესტოთ. იმაზე ვინღა საუბრობს, სწორია თუ არასწორია ეს საკითხები, ყველა შემთხვევაში გიკრძალავს, რომ გამოხვიდე… არ შეიძლება, ეს ჩვეულებრივ ამბად მივიღოთ… გატარდეს ისე, როგორც ვითომ არაფერი, თორემ, დამერწმუნეთ, ცოტა ხანში ვერავინ ვეღარ შეძლებს კანონით ქუჩაში დადგომას”, — ამბობს გოლეთიანი.

გოლეთიანი სხვა მოქალაქეებთან ერთად რამდენიმე კვირაა დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეებზე სამონადირეო ლიცენზიების გადაცემას აპროტესტებს. 27 სექტემბერს მათ ონში კარვის მსგავსი კონსტრუქციაც გაშალეს, სადაც უამინდობისას აფარებენ თავს.

“რაჭა არ იყიდება” — წერია კონსტრუქციაზე.

რატომ დაუბრუნა ხიდაშელმა ტყის ნაწილი სახელმწიფოს ეროვნული პარკის შესაქმნელად რაჭაში

რაც შეეხება შეკრების და მანიფესტაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

  • საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

განმარტებითი ბარათი თანახმად, კანონპროექტის მომზადების პროცესში ავტორებს კონსულტაციები არავისთან გაუვლიათ (სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კანონპროექტის შესახებ ნახეთ ვრცლად:

„ოცნება“ აქციებზე კარვების გაშლის წესს ამკაცრებს

მასალების გადაბეჭდვის წესი