ახალი ამბებიკომენტარი

პუტინის და კიმის კარიკატურული სამიტი | ნინა ხრუშჩოვა

3 ოქტომბერი, 2023 • 1689
პუტინის და კიმის კარიკატურული სამიტი | ნინა ხრუშჩოვა

ავტორი: ნინა ხრუშჩოვა, საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი,ნიკიტა ხრუშჩოვის შვილთაშვილი


სატირული ფილმი „სტალინის სიკვდილი“ – სწორედ ეს გამახსენდა, როცა ვუყურებდი კადრებს, რომლებშიც ჩრდილოეთ კორეის მმართველი, კიმ ჩენ ინი ჯავშნიანი მატარებლიდან რუსეთის ქალაქ ხასანში ჩამოვიდა ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად. მინიატიურული ხიდი მატარებლიდან სადგურის ბაქნამდე და წითელი ხალიჩა, რომელზეც კიმი მიაბიჯებდა, საშინელ კონტრასტში იყო მის შესახვედრად დაყენებულ სამხედროებთან. თითქოსდა მულტფილმის სცენას მოგაგონებდა – თითქოს მიკი მაუსი შარვალ-კოსტუმში გამოეწყო დონალდ დაკთან ომის საკითხების განსახილველად.

ეჭვგარეშეა, რომ არტილერია და შეიარაღება, რომლის მიღებაც პუტინს კიმისგან სურს, სავსებით რეალურია, ისევე როგორც პუტინი გრძნობს, რომ საერთაშორისო არენაზე მაინცდამაინც ბევრი ვარიანტი აღარ დარჩა.

სამიტი კიმთან არა მარტო გამბიტი, არამედ დარტყმაა ჩინეთის პრეზიდენტისთვის, სი ძინპინისთვის – იგი წლები მუშაობდა, რომ კიმს „თავისი ადგილი სცოდნოდა“ და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ერთი თვით ადრე მოსკოვთან „შეუზღუდავი პარტნიორობა“ გამოაცხადა. თუმცა საეჭვოა, მართლაც სთავაზობს თუ არა პუტინი კიმს სამიტით გათვალისწინებულ ღრმა ურთიერთობებს.

საბჭოთა კავშირის აღსასრულისას და პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ წლებში კრემლში ჩრდილოეთ კორეას ზემოდან უყურებდნენ. საბჭოთა დროს მოსკოვს სჭირდებოდა, ფხენიანი გავლენის სფეროში შეენარჩუნებინა, რათა მაშინ მოწინააღმდეგედ ქცეული ჩინეთისკენ არ გაეხედა. სასიამოვნო იყო მასშტაბურ პროექტებში იაფი ჩრდილოკორეელი მუშახელის გამოყენებაც. ოღონდ, როგორც 1982 წელს ერთი მკვლევარი წერდა, ორი ქვეყნის ურთიერთობა „არც ისე მეგობრული და არც ისე ახლო“ იყო.

ეს დღესაც ასეა. კი ბატონო – 2000 წელს პუტინი ფხენიანს ეწვია, ხოლო 2012 წელს, როცა კიმ ჩენ ინმა გარდაცვლილი მამა ჩაანაცვლა, მოსკოვმა ჩრდილოეთ კორეას ვალის 90% ჩამოუწერა და ინვესტირების პირობაც კი დადო.

ინვესტიციები შეზღუდული იყო, ხოლო კიმის რეჟიმის სურვილი, განავითაროს ბირთვული იარაღი, ხელშემშლელი ფაქტორია. რუსეთის მოთხოვნა ბირთვული იარაღის არგავრცელებაზე კიმს არ აინტერესებს – ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას იგი სანქციებს ამჯობინებს.

თუმცა დღეისთვის პუტინის გათვლები შეცვლილია. რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაშია –  დასანქცირებულია როგორც  ურჩი სახელმწიფო, რომელიც ბირთვული იარაღით იმუქრება. ისევე, როგორც ჩრდილოეთ კორეა ათწლეულების განმავლობაში. უფრო მეტიც – პუტინი ცდილობს, ასეთი სახელმწიფოები რაღაცნაირ XXI საუკუნის ვარშავის პაქტში გააერთიანოს. დასავლეთის ანტაგონისტი ჩრდილოეთ კორეა კი გაწევრიანების საკვანძო კანდიდატია.

მაგრამ ნუ ვიჩქარებთ. ეკონომიკური თვალსაზრისით ფხენიანი მოსკოვს ბევრს ვერაფერს შესთავაზებს. ჩრდილოეთ კორეის მწირი საექსპორტო ნუსხა რუსეთში არაა მოთხოვნადი, ხოლო იმას, რაც მოსკოვს შეიძლება სურდეს, ფხენიანი საკმარისი ოდენობით ვერ აწარმოებს. ჩრდილოეთ კორეა, თავის მხრივ, უბრალოდ ვერ გასწვდება რუსული საქონლის ღირებულებას.

რა თქმა უნდა, სამიტზე გაცხადებული პარტნიორობა არაა მხოლოდ ეკონომიკური. მიზანი სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობაა და რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის ტყვია-წამლის მარაგების შესყიდვა.

ისე, დასავლეთთან დაპირისპირება ერთია, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების პირდაპირი დარღვევა, რომელიც კრძალავს ასეთ ურთიერთობებს ფხენიანთან, კიდევ უფრო დაასუსტებს რუსეთის პოზიციას გაეროში. მით უმეტეს, მოსკოვში იციან, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსული სამხედრო ტექნოლოგიების გადაცემისთვის სანაცვლოდ არაფერს გაიღებს. კიმმა შეიძლება ეს ტექნოლოგიები სხვებსაც კი მიჰყიდოს.

აქედან არაფერია სასიამოვნო ჩინეთისთვის. პეკინი კი უჭერს მხარს კიმის რეჟიმს, მაგრამ დაიღალა მისი მხრიდან იარაღით დამუქრებით. პუტინს კი უნდა აჩვენოს, რომ რუსეთიც რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ სი ძინპინის გადამტერება ნამდვილად არ ენდომება.

ნასიამოვნები ამ ყველაფრით არც სამხრეთ კორეა დარჩება, რომელთანაც პუტინს რაღაცნაირი ვენდეტა აქვს. აქ კი პუტინისა და კიმის სამიტის სავარაუდო მთავარი მიზეზიცაა. სეული მეომარ ქვეყნებს ლეტალურ სამხედრო დახმარებას არ გადასცემს – ასეთია ქვეყნის პოლიტიკა. მაგრამ ბოლო თვეებში სამხრეთ კორეა არტილერიულ ჭურვებს აწვდის აშშ-ს მარაგების აღსადგენად. სეული აგრეთვე აპირებს, არალეტალური სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებაც გაუზარდოს უკრაინას.

კიმთან შეხვედრით პუტინი თითქოს აფრთხილებს სამხრეთ კორეას, უფრო შორს არ წახვიდეო. ირიბი მუქარა შემდეგია: თუ რუსეთთან ზოგადად კარგ ურთიერთობაში მყოფი სამხრეთ კორეა დაყოლიებული იქნება აშშ-ის ზეწოლით და უკრაინას უკვე ლეტალურ დახმარებას გადასცემს, რუსეთი ვალში არ დარჩება და ტექნოლოგიებით ჩრდილოეთ კორეას მოამარაგებს.

ჩრდილოეთ კორეას, თავის მხრივ, რუსეთისთვის მაინც შეუძლია ერთი აქტივის შეთავაზება – შრომითი რესურსის. რუბლის კურსის ვარდნის გამო, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შრომითი მიგრანტები რუსეთში ჩვეული რაოდენობით არ მიდიან, რის გამოც ბევრი ადგილი ვაკანტურია. ჩრდილოკორეული შრომითი რესურსის იმპორტს ამის გამოსწორება შეუძლია. მოსკოვისთვის სამიტის მთავარი სარგებელი შეიძლება სულაც შრომითი მიგრანტების დალაგებული იმპორტი გახდეს.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.

თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი