ახალი ამბები

კარასინი პრეზიდენტ ზურაბიშვილს აკრიტიკებს

2 ოქტომბერი, 2023 • 864
კარასინი პრეზიდენტ ზურაბიშვილს აკრიტიკებს

რუსი პოლიტიკოსი და დიპლომატი გრიგორი კარასინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს. კარასინის უკმაყოფილება გამოიწვია ზურაბიშვილის განცხადებამ, რომ უკრაინის მარცხის შემთხვევაში მოსკოვის შემდგომი სამიზნეები შეიძლება საქართველო და ბალტიის ქვეყნები გახდნენ.

ამასთან აღსანიშნავია, რომ კარასინმა  შიზოფრენია, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადება, ოპონენტის საკრიტიკო სიტყვად გამოიყენა.

„მორიგი ღრმააზროვანი განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. [..] პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება, ქალბატონო პრეზიდენტო! რატომ არ ახსენეთ უფრო მოშორებული სამიზნეები – გერმანია, შვეიცარია ან მალტა? [..] არ ღირს, საკუთარი თავი შეაშინოთ!“, – წერს კარასინი.

ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებულ პოსტში ჟენევის ფორმატში მოსკოვის ყოფილი წარმომადგენელი ასევე იმეორებს, რომ თითქოს ნატო დაჰპირდა კრემლს, რომ აღმოსავლეთით, მოსკოვის გავლენის ყოფილ სფეროში, არ გაფართოვდებოდა. ასეთი შეთანხმება ნატოსა და რუსეთს/სსრკ-ს შორის არ დადებულა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხშირად ხდება რუსეთის ოფიციალური პირების კრიტიკის ობიექტი. ამავე დროს, ისინი ბოლო დროს დადებითად საუბრობენ საქართველოს მთავრობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი