ახალი ამბები

რიგგარეშე არჩევნებში თითქმის უკონკურენტო “ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს

2 ოქტომბერი, 2023 • 1287
რიგგარეშე არჩევნებში თითქმის უკონკურენტო “ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს

1 ოქტომბრის რიგგარეშე არჩევნებში, რომელიც გორსა და გურჯაანში ჩატარდა, მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნებში წინასწარი შედეგებით გიორგი მაჭავარიანმა 17 430 ხმა მიიღო. მას არჩევნებში კონკურენტი არ ჰყოლია.

გორში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია:

  • გიორგი სოსიაშვილი (ქართული ოცნება) 93.77%
  • მამუკა ტუსკაძე (“სოციალური სამართლიანობისთვის) 6.22%

გიორგი სოსიაშვილი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი რექტორია.

ზემოხსენებულ არჩევნებში მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნები საარჩევნო უბნების უმრავლეს ნაწილში ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდა. კენჭისყრა 133 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა, მათგან 103 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული კენჭისყრის აპარატით გაიმართა. შესაბამისად, ასეთ უბნებზე განსხვავებულია საარჩევნო ბიულეტენიც — ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე.

დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ჩატარდა, თუმცა, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის. ცესკოს ცნობით, ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და, შესაბამისად, კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი