ახალი ამბები

შსს-ს700-მდე ახალი თანამშრომელი ემატება

28 სექტემბერი, 2023 • 1549
შსს-ს700-მდე ახალი თანამშრომელი ემატება

შინაგან საქმეთა სამინისტროს 685 ახალი თანამშრომელი ემატება. ამის შესახებ ინფორმაცია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებშია მოცემული.

წარმოდგენილი პროექტით, იზრდება პატრულ-ინსპექტორების, ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორების, ასევე დეტექტივების და გამომძიებლების რაოდენობა. გარდა ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში მართლწესრიგის ინსტიტუტის დანერგვის მიზნით, იზრდება მართლწესრიგის ოფიცრების, გამომძიებლებისა და დეტექტივების რაოდენობა.

თუმცა ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტში ჩაშლილი არ არის, კონკრეტულად რომელი მიმართულებით რამდენით იზდრდება შსს-ს კონტიგენტი.

2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებების თანახმდა, შსს-ს ასიგნებები 40 მილიონი ლარით იზრდება, საიდანაც:

  • 20 მლნ ლარი განკუთვნილია სამინისტროს მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად საშტატო რიცხოვნობის ზრდიდან გამომდინარე, შესაბამისი უნიფორმითა და აღჭურვილობით, ასევე, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სპეციალური საშუალებების შეძენისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად;
  • დამატებით 20 მლნ ლარი კი- თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლებაზე, ასევე, სარეზერვო სასერვერო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

შსს-ში კონტიგენტის ზრდა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა ,,ევროოპტიმისტებმა“ (რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე) ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე 27 სექტემბერს განიხილა. კერძოდ, „ევროოპტიმისტებმა“ მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, რატომ არ იზრდება პოლიციელთა ხელფასი კადრების ზრდის ნაცვლად.

„როგორ შეიძლება პოლიციელმა, პატრულ- ინსპექტორმა არჩინოს ოჯახი. თქვენ 700 ადამიანს ამატებთ კიდევ. ხელფასები მოგემატებინათ ამ ხალხისთვის.  რატომ ამატებთ 700 კაცს? 20 მილიონი გვიჯდება 700 დამატებითი სპეცრაზმელის შენახვა იმისთვის, რომ გვცემონ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს,  ხელფასის გარდა მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელებს ნორმალური სამუშაო პირობები ჰქონდეთ. მისი თქმით, შსს-ში ახალი კადრების დამატება ეტაპობრივად მოხდება, რადგან მათ შესაბამის მომზადებას დრო სჭირდება.

„ხელფასი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ რატომ არ უყურებთ იმას, რომ პოლიციელებს უწევთ არაადამიანურ პირობებში მუშაობა. ზოგ შემთხვევაში 2-3 დღე პოლიციელი თავის ოჯახში ვერ მიდის, რადგან მუდმივად გადატვირთულია. რატომ არ ფიქრობთ, რომ აუცილებელია ამ კონტიგენტის ზრდა? ჩვენ შემდეგ ზრდებში ეტაპობრივად ნამდვილად მოგვიწევს ზრდა როგორც პატრულის, ასევე დეტექტივების მიმართულებით…

კრიმინალურ პოლიციაში რეფორმა დაიწყო, საგამოძიებო ფუნქცია ცალკე გამოიყო და ამ მიმართულებით დამატებითი ხალხია საჭირო. თუმცა, ჩვენ რომ გვინდოდეს, ხვალ ეს ადამაინები მოვიყვანოთ, ვერ მოვიყვანთ, გასაზრდელები არიან და შესაბამისი გამოცდილება სჭირდებათ. ეტაპობრივად მოხდება კონტიგენტის ზრდა, მათ შორის იმისათვისაც, რომ პოლიციელებს ჰქონდეთ ნორმალური სამუშაო რეჟიმი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი