ახალი ამბები

„არავის უთქვამს, რომ სტუდენტების სტატუსის აღსადგენად 40 მილიონს გადავიხდით“ — მინისტრის მოადგილე

27 სექტემბერი, 2023 • 2633
„არავის უთქვამს, რომ სტუდენტების სტატუსის აღსადგენად 40 მილიონს გადავიხდით“ — მინისტრის მოადგილე

დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრებთან შეხვედრაზე თქვა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების ჩამოსაწერად ბიუჯეტიდან 40 მილიონი არ დაიხარჯება. მისივე განმარტებით, ეს არც პრემიერ-მინისტრს უთქვამს:

„არავის უთქვამს, რომ ბიუჯეტიდან მოხდება 40 მილიონი ლარის გადახდა. გაუნულდება ნიშნავს, რომ ვალი აღარ ექნება სტუდენტს, ჩამოეწერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 40 მილიონი ლარის გადახდა მოხდება“, — განაცხადა კაკაურიძემ.

მისი თქმით, უნივერსიტეტებს შესთავაზეს, რომ სახელმწიფომ დავალიანების 20% დაფაროს, 80% კი სტუდენტებს თავად უნივერსიტეტებმა ჩამოაწერონ:

„ეს 20%-იანი ანაზღაურება იქნება სრულიად საკმარისი, რომ უნვიერსიტეტების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დათმოს ეს თანხა სახელმწიფოს მიმართ და სახელმწიფო არ მოსთხოვს ამ თანხას სტუდენტებს“, — აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

კაკაურიძის თქმით, უნივერსიტეტების წინაშე არსებული დავალიანება უპერსპექტივოა და მას უნივერსიტეტები უკვე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისგან მაინც ვერ ამოიღებენ და, შესაბამისად, ამ თანხის 20%-ის მიღება მათთვის ხელსაყრელი უნდა იყოს. მან ასევე უარყო, რომ სახელმწიფომ დააშინა უნივერსიტეტები და ამ სქემაში ჩართვა აიძულა.

15 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ფინანსური დავალიანების გამო ამ დროისათვის სტატუსი შეჩერებული აქვს 30 ათასამდე სტუდენტს. როგორც ის ამბობდა, ყველა ამ სტუდენტს დავალიანებას გაუნულებენ.

ღარიბაშვილის თქმით, ამ ვალის ჯამური ოდენობა 40 მილიონ ლარს აღწევს. შესაბამისად, დავალიანების ჩამოწერის შემდეგ, აღნიშნული სტუდენტები სწავლის გაგრძელებას შეძლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი