პოლიციის განცხადებით, პროტესტის მონაწილეთა მოქმედებები უკანონოა და, შესაბამისად, პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით უკვე დააკავეს 100-ზე მეტი ადამიანი.
პროტესტის მონაწილეები სომხეთის ამჟამინდელი მთავრობის გადადგომას უკვე რამდენიმე დღეა მოითხოვენ მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაციის გამო,.
მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტულ ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე. 20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა და ამასთან, ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი.