ახალი ამბები

იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ, სებ-ი გასუფთავდა – კობახიძე

21 სექტემბერი, 2023 • 1738
იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ, სებ-ი გასუფთავდა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული ბანკიდან სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლითა და სანქციათა აღსრულების წესის შეცვლით ქვეყანამ „იდეალური სურათი“ მიიღო.

როგორც კობახიძე ამბობს, სებ-ის საბჭოდან წასულებზე მმართველ გუნდს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ისინი „კრიტიკულ მომენტში ამ ინსტიტუციისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ წავიდოდნენ“. ამიტომ კობახიძე თანამდებობიდან მათ წასვლას „ეროვნული ბანკი გასუფთავებას“ უწოდებს.

„საბოლოო ჯამში, რა შედეგი მივიღეთ – ერთი, რომ პრაქტიკულად 150-ვე კაცზე ვრცელდება იმ სიიდან ეს სანქციები, არავითარი პრობლემა არაფერს არ ექმნება, არც საბანკო სექტორს, არც საფინანსო ინსტიტუტებს, არც ეროვნულ ბანკს… დამთავრდა და ამოიწურა ეს საკითხი. საბოლოო ჯამში ასე დაჯდა ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა შემოღებული, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე, ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ ამ ყველაფრიდან.

ზოგი ჭირი მარგებელია, არის ასეთი გამოთქმა. ამ შემთხვევაში ერთდღიანი ჭირის დატრიალება სცადა ოპოზიციამ, მაგრამ საბოლოო ჯამში, საკუთარი თავი დაისაჯეს ამ ყველაფრით“, – განაცხადა კობახიძემ.


20 სექტემბერს, დღის განმავლობაში, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა.

ეროვნული ბანკიდან კადრების გადინებას წინ უძღოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციათა აღსრულების წესის შეცვლა. მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა და ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.

21 სექტემბერს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.  აღნიშნული კანდიდატები პრეზიდენტმა პარლამენტს გასულ კვირას წარუდგინა, თუმცა საკომიტეტო განხილვისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად მის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენაზე უარს ამბობდა. მიზეზად კი ეროვნული ბანკის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია დაასახელა.

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით შესაძლოა, რომ ეროვნულ ბანკში კრიზისი შეექმნილიყო, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ მომდევნო 2 თვეში სებ-ის საბჭოში მინიმუმ 1 წევრი მაინც არ აირჩეოდა, საბჭო ქმედითუუნარო გახდებოდა. რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები.

ეროვნული ბანკის საბჭო 9 წევრისაგან შედგება, თუმცა ამჟამად საბჭოში 7 წევრია, იმ წევრების ჩათვლით, რომელთაც გადადგომის შესახებ განაცხადეს. მიუხედავად იმისა, რომ გადადგომაზე განცხადება დღეს დაწერეს, ისინი თანამდებობაზე კიდევ 2 თვე დარჩებიან, რადგან ამას კანონი ითვალისწინებს.

შესაბამისად, თუ 2 თვის ვადაში ეროვნული ბანკის საბჭო ახალი წევრებით, მინიმუმ 5-მდე არ შეივსებოდა, მაშინ სებ-ის საბჭო უფლებამოსილებას დაკარგავდა, რადგან საბჭოში 4 წევრი დარჩებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი