საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიკ სალივანს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
„საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დროულად ჩამოსვლის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ახალ ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას, რომელთანაც საქართველოს მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს“, – ვკითხულობთ მთავრობის ამდინისტრაციის განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, ისაუბრეს თუ არა ღარიბაშვილმა და სალივანმა აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე.
თუმცა სწორედ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები იყო საუბრის ერთ-ერთი თემა მიმდინერა წლის მარტში, როცა ჯეიკ სალივანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
მარტში სალივანისა და ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში თეთრი სახლი აღნიშნავდა, რომ აუცილებელია, რუსეთი მუდმივად გრძნობდეს ეკონომიკური სანქციების, ექსპორტის კონტროლისა თუ სხვა ეკონომიკური შეზღუდვების სიმძიმეს, რომელიც დაწესებულია აშშ-ისა და 30-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორისაგან, რათა პუტინმა პასუხი აგოს უკრაინაში მის მიერ წამოწყებული ომის გამო. მათივე ცნობით, მაშინ სალივანმა ზურაბიშვილთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, საქართველო არ გახდეს „შავი ხვრელი“ და გზა სანქციების თავის არიდების.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეაზე დასასწრებად იმყოფება. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის ის შეხვდა თურქეთის, ესტონეთისა და ჩეხეთის პრეზიდენტებს და გერმანიის კანცლერს. ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთანაც.
