ახალი ამბები

ხმაური პარლამენტში – ოპოზიციის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს

20 სექტემბერი, 2023 •
ხმაური პარლამენტში – ოპოზიციის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა სასესიო დარბაზი დატოვეს. დღეს, 20 სექტემბერს, პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურით გაიხსნა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ დღეს პარლამენტში ოთარ ფარცხალაძის საკითხთან დაკავშირებით დებატები გამართულიყო.

„მოქალაქეების“ ლიდერმა  ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ დღეს პარლამენტს არა კულტურის მინისტრისთვის უნდა მოესმინა(როგორც ეს დღის წესრიგითაა გათვალისწინებული), არამედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისთვის.

„აქ უნდა მოვიდეს ახლა არა წულუკიანი, არამედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და გვითხრა,ს რას უშვრება ამ ქვეყანას, რატომ გვამხობს თავზე?! თქვენთან მაქვს კითხვა – საქართველოს მოღალატის გამო ასეთ რაღაცებს როგორ აკეთებთ“, – მიმართა „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დარბაზიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე გააძევა, რომელმაც მანამდე უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ ისინი „რუსულ ჯაშუშურ ქსელს იცავენ“.  ამის შემდეგ კი სასესიო დარბაზი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმაც დატოვეს.

როგორც პარლამენტის თავმდჯომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, სხდომის დღის წესრიგი უკვე დამტკიცებულია. შესაბამისად, სხდომა პარლამენტში კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მოსმენით გრძედლება.


მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ცვლილებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 8 აგვისტოს ბრძანებაში  19 სექტემბერს შევიდა.

მას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.

ყოფილი გენერალური პროკურორისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 14 სექტემბერს გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძემ კი გუშინ, 18 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ფარცხალაძისთვის ანგარიშების გაყივნა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა.

ის ამბობდა, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუზღუდოს კომერციული ან სხვა ტიპის საქმიანობა, თუმცა საქართველოს მოქალაქე კონსტიტუციით განსაკუთრებულადაა დაცული.

სებ-ის ბრძანებით მიღებული ცვლილებებიც სწორედ იმას განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში უნდა გავრცელდეს სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი