ახალი ამბები

დღეს ეროვნულ ბანკთან აქცია გაიმართება

20 სექტემბერი, 2023 • 1727
დღეს ეროვნულ ბანკთან აქცია გაიმართება

დღეს, 20 სექტემბერს, 17:00 საათზე, ეროვნულ ბანკთან (იუსტიციის სახლის შენობასთან) აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიაა.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ეროვნულმა ბანკმა ოთარ ფარცხალაძის გამო სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა.

„ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და არა ერთი კაცის დანაშაულებრივ მსახურებას. ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში გადის კანონის ფარგლებს მიღმა და სულ უფრო სცილდება ცივილიზებულ სამყაროს… ანგრევს, ირგებს და ფეხქვეშ თელავს ყველა უწყებასა თუ ინსტიტუციას. დღეს კი ღიად განაცხადა, რომ არ აღიარებს სანქციებს, მეტიც, ოლიგარქი ცვლის კანონებსა და სამართლებრივ აქტებს, რომ ყაჩაღი, რეკეტიორი და ფსბ-ს აგენტი დაიცვას. შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა, მიმდინარეობს ქვეყნის ბელარუსიზაცია და ამას წინ უნდა აღვუდგეთ“, – აცხადებს ნიკა მელია.

ეროვნულ ბანკთან აქციას შეურთდება პარტია „ლელოც“. როგორც „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა,  ეროვნული ბანკის საბჭომ უნდა განმარტოს, რა პირობებში მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.

„ქალბატონი თურნავა ამ გადაწყვეტილებით ასრულებს ბიძინა ივანიშვილის, შესაბამისად, რუსეთის დავალებას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ნგრევის პროცესისთვის. ეს არის ძალიან დიდი ზიანი და ძალიან დიდი საფრთხე იმისათვის, რომ  მომავალში ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა საბანკო სისტემას დაუწესონ სერიოზული სანქციები. მე ვისურვებდი, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საბანკო სისტემას საერთაშორისო პარტნიორები სანქციებს არ დაუწესებენ, მაგრამ ეს საშიშროება გააჩინა ამ გადაწყვეტილებამ.

მე და ჩვენი პარტია მოვითხოვთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭო გამოვიდეს და განმარტება გააკეთოს, თუ რა პირობებში იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რა ზემოქმედება იქნა  მოხდენილი, როცა ორი დღის განმავლობაში ჯერ სანქციებთან შეერთებაზე მიიღეს გადაწყვეტილება და 24 საათში გააუქმეს. ასე არ ხდება, 24 სთ-ში ასეთი გადაწყვეტილებები არ იცვლება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ეროვნულ ბანკთან აქციას უერთდება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი რომან გოცირიძეც.

„მივესალმები ხვალინდელ აქციას ეროვნული ბანკისა და “ქართული ოცნების” ანტიეროვნული ქმედებების წინააღმდეგ. 17 საათზე იუსტიციის სახლთან, ეროვნული ბანკის შენობის წინ“, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ცვლილებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 8 აგვისტოს ბრძანებაში  19 სექტემბერს შევიდა.

მას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.

ყოფილი გენერალური პროკურორისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 14 სექტემბერს გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძემ კი გუშინ, 18 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ფარცხალაძისთვის ანგარიშების გაყივნა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა.

ის ამბობდა, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუზღუდოს კომერციული ან სხვა ტიპის საქმიანობა, თუმცა საქართველოს მოქალაქე კონსტიტუციით განსაკუთრებულადაა დაცული.

სებ-ის ბრძანებით მიღებული ცვლილებებიც სწორედ იმას განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში უნდა გავრცელდეს სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი