ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო განმარტავს, რატომ ატარებს “ანტიტერორისტულ ოპერაციას” ყარაბაღში

19 სექტემბერი, 2023 •
ბაქო განმარტავს, რატომ ატარებს “ანტიტერორისტულ ოპერაციას” ყარაბაღში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომეხ სამოქალაქო საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, თავი შორს დაიჭირონ სამხედრო მიზნებისგან.

“აზერბაიჯანულ მხარეს არაერთხელ განუცხადებია, რომ 2020 წლის სამმხრივი განცხადების მიუხედავად, აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ფორმირებები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად ერთადერთი საშუალებაა სომხეთის შეიარაღებული ძალების უპირობო და სრული გასვლა ყარაბაღის რეგიონიდან და სეპარატისტული რეჟიმის დათხოვნა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის რეგიონში საკონსტიტუციო წყობის აღსადგენად დაწყებული იყო ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები. ფართომასშტაბიანი პროვოკაციების, აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისა და გაყვანის, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის ნეიტრალიზაციის, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, სამშენებლო-აღდგენით სამუშაოებში დასაქმებულთა და ჩვენი სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე აზერბაიჯანის საკონსტიტუციო წყობის აღდგენის მიზნით, რეგიონში დაწყებულია ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები”.

აქვე აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ სომხეთის დივერსიულმა ჯგუფებმა რუსი სამშვიდოებოების დისლოკაციის ტერიტორიაზე ტერაქტი მოუწყვეს აზერბაიჯანის შსს-ს თანამშრომლებს, რის შედეგადაც ნაღმზე აფეთქდა ოთხი პოლიციელი.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს.

სტეპანაკერტში [დე ფაქტო დედაქალაქი] აფეთქებების ხმაა, მოსახლეობა ევაკუაციისთვის სარდაფებში ჩავიდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არაა და მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი