ახალი ამბები

საქართველოს სპეცსამსახურები რუსული გავლენების გასანეიტრალებლად არ მოქმედებენ – NGO-ები

19 სექტემბერი, 2023 • 1068
საქართველოს სპეცსამსახურები რუსული გავლენების გასანეიტრალებლად არ მოქმედებენ – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ფარცხალაძის რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია ქართულმა საზოგადოებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადებიდან შეიტყო და არა — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან.

„რთულად დასაჯერებელია, რომ საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ შესაბამის სამსახურებს ამის შესახებ ცნობები არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ სანქცირების შესახებ ინფორმაცია ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ფაქტზე ეფექტიანი რეაგირება ჯერ არ მოუხდენია, რაც, სავარაუდოდ, ფარცხალაძის გავლენებს უკავშირდება“, — ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადებაში.

სუსმა ფარცხალაძესთან დაკავშირებით ინფორმაციის შესწავლა დაიწყო, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებს არ აქვთ სწრაფი და ობიექტური გამოძიების დაწყებისა და წარმოების მოლოდინი.

„შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პირები აღნიშნული ფაქტის გადაფარვით არიან დაკავებული. ფარცხალაძესთან დაკავშირებული მოვლენები იმაზე მიუთითებს, რომ, სუსი მასზე კანონმდებლობით დაკისრებულ ფუნქციას ჯეროვნად არ ასრულებს და მმართველ პარტიასა და მისი დამფუძნებლის უახლოეს გარემოცვაში რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების ჩანერგვა ადვილად ხდება. აღნიშნული ფაქტი საქართველოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს“, — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

NGO-ების აზრით, ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმი — სუს-ის უფროსმა ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს კითხვებს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებს უკავშირდება; ასევე, სუს-მა საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, კონკრეტულად რა ნაბიჯები იდგმება საქართველოს რუსული სპეცსამსახურების ქსელის გასანეიტრალებლად.

„დღეს, როგორც არასოდეს, აშკარაა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები არაეფექტიანი არიან ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლაში და საჭიროებენ სერიოზულ რეფორმირებას, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სექტორში დემოკრატიული კონტროლის ქმედითი მექანიზმების დანერგვას“, — ნათქვამია განცხადებაში.

2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებულ პირს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის თანახმად, რუსეთის სპეცსამსახურები ფარცხალაძის მეშვეობით გავლენას ახდენენ საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცახდებენ, რომ ოთარ ფარცხალაძე წარსულში არაერთხელ იქნა მხილებული სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში, თუმცა მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა, რაც, სავარაუდოდ, აიხსნება სწორედ მისი  მჭიდრო კავშირებით, როგორც ხელისუფლებასთან, ისე მმართველი პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
  2. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  3. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  4. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  5. საზოგადოება და ბანკები
  6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  7. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  8. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  9. საფარი
  10. უფლებები საქართველო
  11. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  12. დემოკრატიის მცველები
  13. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  14. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (weg)

მასალების გადაბეჭდვის წესი