ახალი ამბები

„მოუწოდებს რუსების წინააღმდეგ ძალადობისკენ“ – რუსეთში Call of Duty-ის ახალ თამაშს არ გაყიდიან

19 სექტემბერი, 2023 • 1474
„მოუწოდებს რუსების წინააღმდეგ ძალადობისკენ“ – რუსეთში Call of Duty-ის ახალ თამაშს არ გაყიდიან

რუსეთში ტექნიკის მაღაზიები უარს ამბობენ ვიდეოთამაშ Call of Duty: Modern Warfare III-ის გაყიდვაზე. ამის მიზეზი ისაა, რომ თამაშის სიუჟეტური ნაწილის ზოგი კომპონენტი რუსეთში შეაფასეს, როგორც რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის მოწოდება, იტყობინება „ერ-ბე-კა“.

რუსეთის ვიდეოთამაშების დისტრიბიუტორთა და იმპორტიორების ასოციაციის პრეზიდენტმა, იაშა ჰადაჯიმ გამოცემასთან საუბარში თამაშის არგაყიდვის გადაწყვეტილება ტრეილერში ნაჩვენებით ახსნა – თამაშის სიუჟეტურ ნაწილში უარყოფითი გმირი ეროვნებით რუსი ვლადიმერ მაკაროვია, ხოლო ერთ-ერთ მისიაში ტერორისტებმა რუსული თვითმფრინავი უნდა გაიტაცონ. სწორედ ეს აღიქვა ჰადაჯიმ ძალადობისკენ მოწოდებად.

„თამაში შეიცავს რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის მოწოდებას, რაც მიუღებელი გვგონია“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, თუ სიუჟეტის ზემოთ ხსენებული ნაწილები თამაშის საბოლოო ვერსიაშიც იქნება.

„ერ-ბე-კას“ ცნობით, სხვადასხვა მსხვილმა მაღაზიამ უკვე განაცხადა, რომ არ გაყიდის თამაშს. მაღაზია „დი-ენ-ესის“ წარმომადგენლის განცხადებით, „ამ თამაშში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის ალბათობა ძალიან მაღალია“, რაც შეიძლება შეფასდეს, როგორც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა – „მტრობის ან ზიზღის გაღვივება, ადამიანის ღირსების შელახვა“ (282-ე მუხლი).

მასალების გადაბეჭდვის წესი