ახალი ამბები

„არასდროს ყოფილა ფსბ-ს აგენტი“ – მოსკოვში აშშ-ის მიერ ფარცხალაძის სანქცირებას აფასებენ

15 სექტემბერი, 2023 • 1932
„არასდროს ყოფილა ფსბ-ს აგენტი“ – მოსკოვში აშშ-ის მიერ ფარცხალაძის სანქცირებას აფასებენ

რუსეთში საფასებენ აქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აშშ-ის მიერ სანქცირებას.

როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა „ფორმულასთან“ საუბარში განაცხადა, მოსკოვს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღშფოთების გარდა სხვა რეაქცია ვერ ექნება. მისივე თქმით, ინფორმაცია არ აქვს რუსული სპეცსამსახურებისა და ფარცხალაძის თანამშრომლობაზე, რომელზეც ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„ფარცხალაძეს პირადად არ ვიცნობ და არც სპეცსამსახურებთან კავშირზე მაქვს რაიმე ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მიდგომა არ იცვლება. აღშფოთების გარდა, სხვა რეაქცია ვერ გვექნება. ამ სანქციებს აქვს დისკრიმინაციული ხასიათი, არასამართლიანი და არაპატიოსანი მიდგომაა და მსგავსი რამ საერთაშორისო ურთიერთობებში ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა.

სანქციები უკვე რამდენიმე ათას ადამიანს შეეხო. აშშ და ევროკავშირი მათ მიმართ აგრესიულად მოქმედებენ. ამას უნდა შევეგუოთ და სწორედ ამის გამოა, რომ ახლა იშლება ერთპოლუსიანი სამყაროს სტრუქტურა და იქმნება ახალი სტრუქტურები, რომლებიც წარმოადგენს ე.წ. სტრატეგიულ სამხრეთს და კავკასიის გეოპოლიტიკური ძალების ინტერესებს. უნდა ვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ მომავალში“, – უთხრა კარასინმა „ფორმულას“.

ფარცხალაძეს კავშირს რუსულ სპეცსამსახურებთან უარყოფს ლეონიდ კალაშნიკოვიც, სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე. მისივე თქმით, ფარცხალაძეს პირადად იცნობს და ყოფილი გენპროკურორი აქტიურად იღებდა მონაწილეობას საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების პროცესში.

„ფარცხალაძე არასდროს ყოფილა ფსბ-ს აგენტი, რამდენადაც ვიცი. რაც შეეხება რუსული გავლენის აგენტს, ამერიკამ დაიწყო აქტიურად მუშაობა, რომ სხვა ჩინოვნიკებს აცნობოს, რაც შეიძლება ნაკლებად იმეგობრონ რუსეთთან. ეს პრევენციული და დაშინების აქტია სხვების გასაგონად. ფარცხალაძეს ვიცნობ, ის აქტიურად მუშაობს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებზე რუსეთთან. მე ის პირადად დავპატიჟე ჩემს ღონისძიებაზე, როდესაც ვცდილობდით რუსეთთან პირდაპირი ფრენების გახსნას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ის აქტიურად იყო ჩართული სხვა ქართველებთან ერთად ამ პროცესში.

რა იპოვეს ამერიკელებმა დამატებით, ეს არ ვიცი და არც მაინტერესებს. მას ორჯერ შევხვდი პირადად. ჩემთვის ფარცხალაძე მოქმედებს საქართველოს ინტერესებში, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. რა აქვთ ამის გარდა ამერიკის სპეცსამსახურებს, არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. ამ სანქცირებულთა სიაში 1800 კაცია შესული და მათ უმრავლესობას არანაირი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან არ აქვთ. ამიტომ ამერიკამ ეს აქტი მიიღო სხვების დასაშინებლად“, – განაცხადა კალაშნიკოვმა „ფორმულასთან“ საუბარში.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთთან დაკავშირებული პირებს, მათ შორის საქართველოს ყოფილი მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს.

ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის გვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც ფარცხალაძეს უწოდებს რუს-ქართველ ოლიგარქს, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი