ახალი ამბები

ვსწავლობთ აშშ-ის განცხადებას ფარცხალაძეზე — სუს-ი

15 სექტემბერი, 2023 • 1707
ვსწავლობთ აშშ-ის განცხადებას ფარცხალაძეზე — სუს-ი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თქმით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სწავლობენ.

ოთარ ფარცხალაძე ვაშინგტონმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებთან ერთად დაასანქცირა და დასძინა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა(FSB) ყოფილი მთავარი პროკურორი “ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის” გამოიყენა.

“საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს საკითხის შესწავლა”, — ამბობს საქართველოს სუსი 15 სექტემბერს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

ფარცხალაძის დასანქცირება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს.

ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ის ხაზინის გვერდზე გამოქვეყნდა, რომელიც ფარცხალაძეს უწოდებს რუს-ქართველ ოლიგარქს, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, FSB-ს ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით FSB-სთან, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ფარცხალაძე ამ ფაქტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა კი თქვა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ბოლო 10 წელია არავითარ თანამდებობას აღარ იკავებს საქართველოს მთავრობაში.

თუმცა,პაპუაშვილმა იქვე აღნიშნა, რომ ფარცხალაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელიც რუსეთის მიმართ სანქციების პაკეტში მოხვდა და შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ, რასთან გვაქვს საქმე.

ამავე თემაზე:

რა (არ) ვიცით ოთარ ფარცხალაძეზე

ღარიბაშვილმა ფარცხალაძის სანქცირება არ შეიმჩნია

“ოცნების” პირველი კომენტარი ფარცხალაძის სანქცირებაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი