ახალი ამბები

სერვისების შეწყვეტა რეაბილიტაციის შედეგების დაკარგვის საფრთხეს ქმნის — ომბუდსმენი ბავშვებზე

14 სექტემბერი, 2023 • 1247
სერვისების შეწყვეტა რეაბილიტაციის შედეგების დაკარგვის საფრთხეს ქმნის — ომბუდსმენი ბავშვებზე

სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მიერ მიწოდებული სერვისის შეწყვეტის საკითხის შესწავლა და აცხადებს, რომ მანდატის ფარგლებში ყველა საჭირო ღონისძიებას განახორციელებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსს, სადაც განთავსებულია ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტი, შენობის ავარიულობის მიზეზით ცლიან. ინფორმაცია ამის შესახებ ამ ცენტრის ბენეფიციარი ბავშვების მშობლებმა 13 სექტემბერს გაავრცელეს.

სახალხო დამცველის განცხადებით, შშმ ბავშვთა ადრეული განვითარებისა და რეაბილიტაციის სერვისების უწყვეტობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შესაბამისი საჭიროების მქონე არასრულწლოვნებისთვის და მათი შეწყვეტა ქმნის რეაბილიტაციის შედეგად მიღწეული შედეგების დაკარგვის საფრთხეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მომსახურებაში ჩართული 100-ზე მეტი ბენეფიციარის სათანადო ალტერნატიული სივრცის შეთავაზების, მომსახურების უწყვეტად გაგრძელების პროცესს, სახელმწიფომ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მიმართოს ამ საკითხის გადაუდებლად მოგვარებისკენ“, — აცხადებს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სერვისის მიმწოდებლებს და ყველა პასუხისმგებელ პირს მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციართა, მათ კანონიერ წარმომადგენელთა და მომსახურების განმახორციელებელ თერაპევტთა დროული და სრულყოფილი ინფორმირება, როგორც მომსახურების შეწყვეტის მიზეზების, ისე შესაბამისი ალტერნატივების თაობაზე. ამასთან, უზრუნველყონ პროცესის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების კანონიერ წარმომადგენელთა არსებითი მონაწილეობა.

თბილისის მერიის განცხადებით, თუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავარიულად მიჩნეული C კორპუსში განთავსებული ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი, რომელიც მომსახურებას უწევს 82 აუტისტური სპექტრის მოზარდს, ვერ მოიძიებს ალტერნატიულ ფართს, მერია ბენეფიციარებს სხვა ცენტრებში გადაანაწილებს და მომსახურების გარეშე არ დატოვებს.

ილიაუნის C კორპუსის მდგომარეობის შესახებ იხილეთ:

ილიაუნის C კორპუსს ავარიულობის გამო ცლიან — რა ხდება

მასალების გადაბეჭდვის წესი