ახალი ამბები

ილიაუნის C კორპუსს ავარიულობის გამო ცლიან — რა ხდება

13 სექტემბერი, 2023 • 2349
ილიაუნის C კორპუსს ავარიულობის გამო ცლიან — რა ხდება

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტი, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსშია განთავსებული, დახურვის საფრთხის წინაშეა. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მიზეზი შენობის ავარიულობაა.

ილიაუნის ადმინისტრაციის განცხადებით, სასწავლო-კვლევითი პროცესი C კორპუსის ნაცვლად უნივერსიტეტის სხვა კორპუსებში გადანაწილდება და, შესაბამისად, სწავლის დაწყების თარიღიც არ შეიცვლება.

ილიაუნის C კორპუსი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 4 კორპუსიდან ერთ-ერთია. რა ბედი ეწევა შენობას, დაინგრევა თუ არა ის, ჯერჯერობით უცნობია.

ილიაუნის შენობების განლაგება

როგორც ნეტგაზეთს ილიაუნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქეთევან ლაკირბაიამ განუცხადა, ის, რომ C კორპუსი რისკის შემცველია, თავადაც აგვისტოში გაიგეს მას შემდეგ, რაც მათი დაკვეთით „შპს მშენექპსერტი+-მა“ შენობა შეამოწმა და დასკვნა დადო.

ქეთევან ლაკირბაიას თქმით, ექსპერტიზის დაკსვნაში არ წერია, რომ შენობა უნდა დაინგრეს და ახლა სწორედ იმის გასარკვევი პროცედურები მიმდინარეობს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ შენობასთან დაკავშირებით.

„არსად არ წერია, რომ შენობა უნდა დაინგრეს. ექსპერტიზის დაკსვნაში წერია, რომ ექსპლუატაცია არის რისკის შემცველი და ახლა გასარკვევია, შემდეგ რა იქნება. პერიოდულად ვამოწმებთ ხოლმე, რა მდგომარეობაშია შენობა სასწავლო პროცესის დაწყების წინ და ამიტომ მივმართეთ ექსპერტებს. აკრედიტირებული საექსპერტო კომპანიის [შპს მშენექპსერტი+] დასკვნა გვეუბნება, რომ ექსპლუატაცია არის რისკის შემცველი. ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ გავიგეთ და რადგან ასეთ რისკებზე იყო საუბარი, გადავგეგმეთ სასწავლო და კვლევითი პროცესი უნივერსიტეტის სხვა სივრცეებში. 11 სასწავლო კორპსუსი გვაქვს და ეს არის ერთ-ერთი კორპუსი. როგორც კი გავიგეთ, იმ წუთში დავიწყეთ რეაგირება და სასწრაფო რეჟიმში მოგვიწია რეაგირება, რომ სასწავლო პროცესი დაგეგმილ ვადებში დაიწყოს. სასწავლო პროცესს საფრთხე არ ემუქრება“, – განუცხადა ნეტგაზეთს ქეთევან ლაკირბაიამ.

რა ბედი ეწევა ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტს?

იმის გამო, რომ აღნიშნულ კორპუსში ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტია განთავსებული, გამოწვევის წინაშე დგებიან მათი ბენეფიციარებიც. როგორც ერთ-ერთი ბენეფიციარის დედა გვანცა გულიაშვილი აცხადებს,  ცენტრის დახურვის შესახებ გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დღეს, 13 სექტემბერს გაიგეს.

მისივე თქმით, ბენეფიციარებისთვის არანაირი გეგმა და  შეთავაზება არ არსებობს.

„იმის ღირსადაც არ ჩაგვაგდეს, რამდენიმე დღით ადრე გავეფრთხილებინეთ. ადგილის შეცვლასაც უმძიმესად გადაიტანენ ბავშვები, მათთვის რუტინას და მონიშნულ ტერიტორიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არც რაიმეს გვთავაზობენ. ანგრევენ ილიაუნს და ვყვებით ამ ნანგრევებში, როგორც ყველაზე დაუცველები.

ახლა რატომ ანგრევენ ილიაუნის, ალბათ, ყველა ვხვდებით, რომ აქ უამრავი კითხვის ნიშანია, მაგრამ ექსპერტიზა წერს, რომ შენობა იმდენად ავარიულია, მისი ექსპლუატაცია შეუძლებელია, რემონტიც, მხოლოდ ნგრევა. იქნებ ეს მართლაც ასეა, როგორ გინდა, აქ სიმართლე ეძებო?! რა გინდა გააკეთო? მაგრამ ისიც ხომ ვიცით, როგორ ებრძვის უკვე დიდი ხანია ამ უნივერსიტეტს ხელისუფლება. ჩვენ წარმოდგენაც არ გგქონია, რა საშიშ, მანიპულატორ, ბოროტ, უსულგულო, ხელუსუფლებასთან გვაქვს საქმე“, – წერს სოციალურ ქსელში გვანცა გულიაშვილი.

თუმცა ილიაუნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მათ ბენეფიციარების მშობლები მაშინვე გააფრთხილეს, როგორც კი ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს.

რაც შეეხება ბავშვის განვითარების ინსტიტუტს, ილიაუნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დაწყებული მისი გადანაწილების  პროცესიც. თუმცა, როგორც ქეთევან ლაკირბაია აღნიშნავს, სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ეს გაცილებით რთული პროცესია.

„როგორც კი გავიგეთ ეს ამბავი, ცხადია, მაშინვე დავიწყეთ კომუნიკაცია მშობლებთან. დასკვნაში წერია, რომ შენობის ექსპლუატაცია არის რისკის შემცველი და შესაბამისად ვიმოქმედეთ. ახლა მიმდინარეობს პროცესი, რომ ბენეფიციარები და სპეციალისტები სხვადასხვა სივრცეში გადანაწილდნენ. უბრალოდ, ეს სპეციფიკური პროცესია, რადგან თერაპიიის ოთახებია და ჩვეულებრივი საკლასო სივრცეებში ამის გადატანა ვერ ხერხდება. თუმცა პროცესი დაწყებულია და ამაზე ვმუშაობთ“, — განუცხადა ქეთევან ლაკირბაიამ „ნეტგაზეთს“.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი