ახალი ამბები

OC Media პაპუაშვილის წერილს აქვეყნებს – პარლამენტის თავმჯდომარე უარყოფს მედიაზე ზეწოლას

13 სექტემბერი, 2023 •
OC Media პაპუაშვილის წერილს აქვეყნებს – პარლამენტის თავმჯდომარე უარყოფს მედიაზე ზეწოლას

გამოცემა OC Media საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისგან მიღებულ წერილს აქვეყნებს, რომელშიც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი უარყოფს ბრალდებებს მისი ოპედის [მოსაზრების] გამოქვეყნებაზე უარის გამო მედიაზე ზეწოლის/დასჯის მცდელობის შესახებ.

რა ხდება?

OC Media წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ოპედის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც შალვა პაპუაშვილმა გამოცემის დონორებს შესჩივლა და ამ გზით სცადა გამოცემაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა.

მინიმუმ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც აფინანსებს OC Media-ს, დაადასტურა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა მათ წერილობით მიმართა.

პაპუაშვილის პასუხი

დღეს, 13 სექტემბერს, OC Media-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარის წერილიც არის. პაპუაშვილი ამბობს, რომ განცხადებები გამოცემის ზეწოლა/დასჯის შესახებ მაქსიმალურადაა დაშორებული სიმართლეს და ირწმუნება, რომ მმართველი პარტიისთვის მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აზრთა განსხვავებულობისა და თავისუფლების იდეებისადმი ერთგულებამ უბიძგა, შეეთავაზებინა OC Media-სთვის მისი ოპედის გამოქვეყნება, მიუხედავად იმისა, რომ როგორც იგი ამბობს, OC Media „თითქმის ავტომატურად კრიტიკულად რეაგირებს მთავრობის ნებისმიერ გადაწყვეტილებასა თუ პოლიტიკაზე“ და მისი „ონლაინ-პლატფორმა იკავებს მაქსიმალურად მცირე სივრცეს ქართულ მედიაში და ფაქტობრივად უცნობია საზოგადოებისთვის“.

„ვფიქრობდი, რომ კეთილი ნების ეს ჟესტი კარგი ნაბიჯი იქნებოდა თანამშრომლობისთვის“, – ხსნის პარლამენტის თავმჯდომარე.

ოპედის გამოქვეყნებაზე რედაქციის უარი პაპუაშვილმა შეაფასა, როგორც OC Media-ს აუტანლობა ალტერნატიული აზრის მიმართ.

„აღიარეთ, რომ მხოლოდ ოპედის სათაური და ტექსტის ნაწილი ნახეთ, მალევე დაასკვენით, რომ სტატია არ იყო „ფაქტობრივად ზუსტი“ და არ წარმოადგენდა „იდეის გულწრფელ გამოხატვას“, რასაც არ უნდა ნიშნავდეს უკანასკნელი განცხადება. აგრეთვე განაცხადეთ, რომ „წარმოდგენილი არგუმენტები პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ქართული ოცნების მთავრობის მოქმედებებს“ და სიმართლისა და რეალობის უზენაესი არბიტრობის როლი საკუთარ თავზე აიღეთ“, – აკრიტიკებს იგი რედაქციას.

პაპუაშვილის თქმითვე, გამოცემამ დამახინჯებულად გააშუქა მისი კომუნიკაცია დონორებთან. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ არ ცდილობდა OC Media-ს დასჯას ან მასზე გავლენის მოხდენას და უბრალოდ სურდა, დონორებისთვის ეცნობებინა „საეჭვო ჟურნალისტურ მიდგომაზე“. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, დონორებს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა:

„პატივს ვცემთ OC Media-ს ჟურნალისტურ დამოუკიდებლობას, მაგრამ მივიჩნევთ, რომ გამოქვეყნების შეთავაზებაზე მიზეზის თქმის გარეშე უარით პასუხი არის გადაწყვეტილება გამჭვირვალობის, პლურალიზმისა და მრავალფეროვნების წინააღმდეგ. საქართველოში მედიის თავისუფლებას მთავრობა უზრუნველყოფს და პატივს სცემს. იმედგამაცრუებელია, რომ გამოცემა, რომელსაც დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების წინწაწევისთვის აფინანსებენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, უარს ამბობს გამოაქვეყნოს ოპედი, რომლის შინაარსსაც არ ეთანხმება“.

პარლამენტის თავმჯდომარე აგრეთვე ადანაშაულებს გამოცემას „რადიკალური ოპოზიციური პარტიების მესიჯბოქსების კოპირებაში“, ბოლოში კი აცხადებს:

„ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ქართული სახელმწიფო გარანტირებს და დაიცავს თქვენს სარედაქციო დამოუკიდებლობას და გამოხატვის თავისუფლებას. გისურვებთ, უკეთეს ჟურნალისტურ სტანდარტებს ეყრდნობოდეთ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი