ახალი ამბები

ოპედის გამოქვეყნებაზე უარის შემდეგ, პაპუაშვილმა ჩვენს დონორებზე ზეწოლა ცადა — OC Media

12 სექტემბერი, 2023 • 1712
ოპედის გამოქვეყნებაზე უარის შემდეგ, პაპუაშვილმა ჩვენს დონორებზე ზეწოლა ცადა — OC Media

OC Media წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ოპედის გამოქვეყნებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც შალვა პაპუაშვილმა გამოცემის დონორებს შესჩივლა და ამ გზით ცადა გამოცემაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა.

მინიმუმ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც აფინანსებს OC Media-ს, დაადასტურა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა მათ წერილობით მიმართა.

OC Media-ს თანახმად, დონორისთვის მიწერილ წერილში სპიკერის ოფისმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასა და დონორს შორის თანამშრომლობა „ეყრდნობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების საერთო გაგებას“.

„ის, რომ თქვენ აფინანსებთ ორგანიზაციას, რომელიც მხოლოდ ცალმხრივად აშუქებს ქართულ პოლიტიკას და კატეგორიულად უარს ამბობს განსხვავებულ აზრზე გამოქვეყნებაზეც კი, არ შეესაბამება ამ სულისკვეთებას“, — ნათქვამია წერილში.

აღნიშნული დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა OC Media-ს განუცხადა, რომ ისინი „გაკვირვებულები“ იყვნენ წერილით.

გამოცემის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის ოფისის წარმომადგენელმა თიკო მგელაძემ OC Media-ს პირველად 28 ივნისს მიმართა პაპუაშვილის მოსაზრების გამოქვეყნების თხოვნით, თუმცა უარი თქვა ტექსტის გაგზავნაზე, სანამ OC Media არ დაადასტურებდა, რომ მას გამოაქვეყნებდნენ. მას შემდეგ, რაც აცნობეს, რომ სტატიის სრულად ნახვის გარეშე შეუძლებელი იყო სტატიის გამოქვეყნება, სპიკერის ოფისმა მხოლოდ სათაური „საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების ქართველი ხალხისგან ფაქტობრივად გამოყოფის ტაქტიკა შეესაბამება რუსულ ჰიბრიდულ სახელმძღვანელოს“ და ტექსტის პირველი აბზაცი აჩვენა. OC Media-ს სარედაქციო გუნდმა საბოლოოდ უარი თქვა ოპედის გამოქვეყნებაზე. მოგვიანებით პაპუაშვილმა ტექსტი X-ის (ყოფილი Twitter) პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

„[პაპუაშვილის წარმომადგენელს] ვაცნობე გადაწყვეტილების შესახებ. ითხოვა ახსნა და გავუგზავნე კრიტერიუმების სია, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ ოპედზე გამოქვეყნდეს თუ არა.
პასუხი არ მიმიღია. რამდენიმე დღის მერე შევიტყვეთ, რომ ჩვენს დონორებს დაუკავშირდნენ და პასუხი მოსთხოვეს, ასეთ მედიას რატომ აფინანსებთო. შევთავაზეთ ინტერვიუს შესაძლებლობა, მაგრამ უარი მივიღეთ“, — წერს OC Media-ს თანადამფუძნებელი მარიამ ნიკურაძე.

ის მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ოფისის მხრიდან დონორებთან დაკავშირება აშკარა შეტევა იყო ორგანიზაციის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე და ზოგადად პრესის თავისუფლებაზე.

ნიკურაძემ ასევე არ გამორიცხა სპიკერის მხრიდან შემდგომი ანგარიშსწორება, განსაკუთრებით ინციდენტის გასაჯაროების შემდეგ.

OC Media-ს მთავარი რედაქტორი რობინ ფაბრო ამბობს, რომ თავის საქმიანობაში გამოცემა მუდმივად ცდილობს, ზუსტად წარმოაჩინოს ყველა მხარის პოზიცია, მაგრამ ამ მისიას ხშირად ართულებს ხელისუფლების აშკარა მტრობა პრესის მიმართ — ჟურნალისტების წერილები და სატელეფონო ზარები ხშირად უპასუხოდ რჩება ხელისუფლების მხრიდან.

„ჩვენ ასევე უკიდურესად ფრთხილად ვარჩევთ, რას ვაქვეყნებთ ოპედის განყოფილებაში. მიუხედავად იმისა, რომ მივესალმებით აზრთა მრავალფეროვნებას, ჩვენ ვარჩევთ მხოლოდ იმ მოსაზრებების გამოქვეყნებას, რომლებიც, ჩვენი აზრით, არის ფაქტობრივად გამართული, იდეის გულწრფელი გამოხატულება და შეესაბამება ჩვენ ძირითად ღირებულებებს — ეს არის ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი მედია საშუალების უფლება. ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა ხშირად ცდილობს, სხვაგვარად წარმოაჩინოს თავი საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე, განსაკუთრებით დასავლელი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ვიდრე საკუთარი ხალხის წინაშე. იყო ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ სტატია უბრალოდ არ იქნებოდა ჭეშმარიტი“, — აცხადებს ფაბრო.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა თიკო მგელაძეს საპასუხო კომენტარისთვის და დაინტერესდა, რომელ დონორ ორგანიზაციებს მიმართა და რა მიზნით პარლამენტის თავმჯდომარემ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

OC Media-ს თანახმად კი, პაპუაშვილის ოფისში განუცხადეს, რომ სპიკერის სტატიის გამოქვეყნებაზე უარი ეწინააღმდეგება როგორც სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სიტყვის თავისუფლებას, ასევე [OC Media-ის] თვითგამოცხადებულ პლურალიზმის პრინციპებს:

„რადგან გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალიზმის იდეები წარმოადგენს საქართველოს მთავრობასა და დონორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის საფუძველს, პარლამენტის თავმჯდომარემ საჭიროდ ჩათვალა დონორი ორგანიზაციების ინფორმირება ამ ღირებულებების წინააღმდეგ თქვენი ქმედებების შესახებ“, — განუცხადეს მათ.

Open Caucasus Media არის ინგლისურენოვანი ონლაინ პლატფორმა, რომელიც აშუქებს საქართველოსა და კავკასიის რეგიონის ამბებს. OC Media-ს თანახმად, მათ მიღებული აქვთ დაფინანსება ისეთი საერთაშორისო დონორებისგან, როგორიცაა დემოკრატიის ევროპული ფონდი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის ოფისი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ღია საზოგადოების ფონდები, დემოკრატიის ეროვნული ფონდი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, Thomson Reuters, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი, აშშ-ის, ნიდერლანდებისა და შვეიცარიის საელჩოებიდან თბილისში და სხვა .

მასალების გადაბეჭდვის წესი