აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა მადლობა გადაუხადა საელჩოს თანამშრომლებს და თქვა, რომ ისინი ერთი გუნდი არიან.
ეს განცხადება დანიგანმა ელექტრონული პლატფორმის „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“ პრეზენტაციაზე გააკეთა.
„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს აშშ-ის საელჩოში. ჩვენი ადგილობრივი თანამშრომლები — ქართველები და ამერიკელები — ძალიან მჭიდროდ მუშაობენ ერთად. ჩვენ ვართ ერთი გუნდი აშშ-ის საელჩოში, ერთი მისია, და ჰარმონიულად ვმუშაობთ ერთად. ძალიან ვამაყობ იმ საქმით, რომელსაც აკეთებთ და რა წვლილიც შეიტანეთ ამ პროექტში“, — მიმართა დანიგანმა თანამშრომლებს.
ბოლო პერიოდში აშშ-ის საელჩო საქართველოში ყოველდღიურად აქვეყნებს საინფორმაციო ქარდებს სახელისუფლებო პროპაგანდის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 3 ოქტომბერს, აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს სთხოვა, „უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ“.
„ვთხოვდი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რომელიც ზოგადად რაციონალურად უყურებს ხოლმე მოვლენებს, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში, მათ შორის იმ თანამშრომლების საქმიანობაში, რომლებიც სიცრუის შემცველ ქარდებს ამზადებენ“, — თქვა კობახიძემ.