ახალი ამბები

მოლდოვიდან გააძევეს „სპუტნიკის“ ხელმძღვანელი

13 სექტემბერი, 2023 • 868
მოლდოვიდან გააძევეს „სპუტნიკის“ ხელმძღვანელი

რუსეთის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალების, „სპუტნიკის“ მოლდოვის განყოფილების ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი ქვეყნიდან შიდა საქმეებში ჩარევის ბრალდებით გააძევეს.

მიგრაციის საკითხებში მოლდოვის გენერალური ინსპექციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთის 56 წლის მოქალაქე, რომლის ვინაობაც ოფიციალურ ცნობაში დაზუსტებული არაა, აღიარეს „არასასურველ პირად“, ვინაიდან ეჭვი შეიტანეს, რომ იგი ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, რაც საფრთხეს უქმნიდა მოლდოვის ინფორმაციულ უსაფრთხოებას.

ქვეყნიდან გაძევების ფაქტზე თავად ვიტალი დენისოვმა განაცხადა. როგორც მან სამთავრობო „რია ნოვოსტის“ უთხრა, 13 სექტემბრის დილით მასთან მიგრაციის გენერალური ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ და გადასცეს განკარგულება დეპორტაციის შესახებ.

მოსკოვში კიშინიოვის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს. მედაიჯგუფ „რაშა თუდეის“ [რომლის ნაწილიცაა „სპუტნიკი“] გენერალური დირექტორი, პროპაგანდისტი დიმიტრი კისილიოვი ამბობს, რომ „მოლდოვის ხელისუფლების დამანგრეველი პოლიტიკა გადადის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ყველა ადევკატურ ზღვარს“.

კრემლის მიერ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიების მიუხედავად, საგარეო უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ მოლდოვის ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ მათ არ ესმით, „რა არის სიტყვის თავისუფლება და ჟურნალისტთა უფლებები და თავისუფლება“. ზახაროვას თქმითვე, დენისოვის დეპორტაციის გამო საგარეო უწყებამ დაიბარა მოსკოვში მოლდოვის დროებითი რწმუნებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი