ახალი ამბები

სასამართლომ გაამართლა ლავროვის ოჯახის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულები

13 სექტემბერი, 2023 • 1097
სასამართლომ გაამართლა ლავროვის ოჯახის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულები

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იოსებ აბრამიძემ ლავროვის ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული არცერთი პირის მიმართ ჯარიმა არ გამოიყენა. პროცესი გურჯაანის სასამართლოში დღეს, 13 სექტემბერს გაიმართა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აქციაზე დაკავებული 11 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა, 3 დაკავებული შემთხვევაში კი სასამართლო სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

გურჯაანის სასამართლო, ჯამში, 14 აქტივისტის საქმეს განიხილავდა. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობდა.

მიმდინარე წლის მაისში საქართველოში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის შვილი და სიძე. ორივე მათგანი სანქცირებულია დასავლეთში. ისინი ნათესავების ქორწილში ჩამოვიდნენ, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან და ყვარელში იხდიდნენ ქორწილს.

ამ ფაქტის გახმაურებას ყვარელში აქტივისტთა პროტესტი მოჰყვა, რომლის დროსაც პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა. ორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, დანარჩენების საქმის განხილვა კი ამ დრომდე გრძელდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი