ახალი ამბები

კიევმა ყირიმში გემთმშენებელ ქარხანას დაარტყა, დაზიანდა გემები — რუსეთი

13 სექტემბერი, 2023 • 1269
კიევმა ყირიმში გემთმშენებელ ქარხანას დაარტყა, დაზიანდა გემები — რუსეთი

რუსეთის ხელისუფალთა განცხადებით, უკრაინის ძალებმა ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში მდებარე გემთმშენებელ ქარხანას საკრუიზო რაკეტებით, რუსულ გემებს კი — საზღვაო დრონებით შეუტიეს. შედეგად, მათივე ცნობით, გაჩნდა ხანძარი, დაზიანდა გემები და დაშავდა 24 პირი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 12 სექტემბრის ღამით 10 საკრუიზო რაკეტა ესროლეს გემთმშენებელ ქარხანას, რომელიც ბოლშევიკ სერგო ორჯონიკიძის სახელობისაა. ამავე განცხადების მიხედვით, სამმა დრონმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს შეუტია.

“საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს შვიდი საკრუიზო რაკეტა, ხოლო საპატრულო გემმა, ვასილი ბიკოვმა, გაანადგურა ყველა საზღვაო დრონი. მტრის საკრუიზო რაკეტებით დარტყმის შედეგად დაზიანდა ორი გემი, რომელიც რემონტდებოდა”, — ამბობს სამინისტრო.

რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის დე ფაქტო გუბერნატორი მიხეილ რაზვოჟაევი დამატებით აღნიშნავს, რომ სარაკეტო დარტყმების შედეგად 24 ადამიანი დაშავდა და ხანძარი გაჩნდა. მან თავისი ფოტოც გამოაქვეყნა შემთხვევის ადგილიდან, რომლის ფონზეც ხანძარი ჩანს.

კიევში რუსეთის ბრალდებებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. როგორც Reuters აღნიშნავს, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ან მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას თითქმის არასდროს იღებს, თუმცა უკანასკნელ პერიოდში აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა კონტრშეტევის პროცესს ეხმარება.

სევასტოპოლში მომხდარი აფეთქებების შესახებ ყირიმზე ფოკუსირებულმა ტელეგრამის არხებმაც გაავრცელეს ინფორმაცია, ვიდეომასალასთან ერთად. ერთ-ერთი მათგანი “Крымский ветер” თბილისის დროით 11:05 საათზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ ქარხნის ტერიტორიაზე “კვლავ მნიშვნელოვანი დაკვამლიანებაა”.

რუსეთს ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლიდან აქვს ანექსირებული, 2022 წლის თებერვლიდან კი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.

გარეკანის ფოტო: Ukrainska Pravda via Telegram

მასალების გადაბეჭდვის წესი