ახალი ამბები

წარმომადგენელთა პალატა ბაიდენის საიმპიჩმენტო გამოძიებას დაიწყებს — მაკარტნი

12 სექტემბერი, 2023 • 1314
წარმომადგენელთა პალატა ბაიდენის საიმპიჩმენტო გამოძიებას დაიწყებს — მაკარტნი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის მიზნით გამოძიებას დაიწყებს, — განაცხადა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა კევინ მაკარტნიმ.

მაკკარტის თქმით, გამოძიება ფოკუსირებული იქნება ბაიდენის მიერ „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ხელის შეშლისა და კორუფციის ბრალდებებზე“.

აშშ-ის კაპიტოლიუმში გაკეთებულ განცხადებაში მაკკარტიმ თქვა, რომ მისმა პარტიამ გამოავლინა „სერიოზული და სანდო“ კორუფციის ბრალდებები იმის შესახებ, რომ ბაიდენმა თავისი ვაჟის ჰანტერ ბაიდენის საგარეო ბიზნეს გარიგებებით ისარგებლა. ბაიდენმა უარყო მონაწილეობა მისი შვილის ბიზნეს საწარმოებში საზღვარგარეთ. რესპუბლიკელები იძიებენ პრეზიდენტის შესაძლო ბრალეულობას მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მიიღეს. თუმცა BBC-ის ცნობით, მოსმენებზე ვერ იქნა ნაპოვნი ბაიდენის არასათანადო ქცევის კონკრეტული მტკიცებულება.

თეთრმა სახლმა დაგმო მაკკარტის გადაწყვეტილება.

„პალატის რესპუბლიკელები ცხრა თვის განმავლობაში იძიებდნენ პრეზიდენტის საქმიანობას და მათ არავითარი მტკიცებულება არ აღმოუჩენიათ დანაშაულის ჩადენის შესახებ. ეს არის ექსტრემალური პოლიტიკის ყველაზე უარესი სახე“, — წერს თეთრი სახლის სპიკერი იან სამსი სოციალურ მედიაში.

ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი ამჟამად ფედერალურ გამოძიებას ექვემდებარება შესაძლო საგადასახადო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია მის უცხოურ ბიზნეს ინტერესებთან. მაკკარტის თანახმად, პრეზიდენტის ოჯახს პრივილეგირებულად ეპყრობოდნენ ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები, რომლებიც იძიებენ არასათანადო ქცევის ბრალდებებს.

იმპიჩმენტის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის მიერ ფორმალურ საიმპიჩმენტო გამოძიების გამოცხადების შემდეგ, კომიტეტები იძიებენ ბრალდებებს, კითხავენ მოწმეებს, ამზადებენ დასკვნას, რომელიც ეგზავნება იურიდიულ კომიტეტს. წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის მხარდაჭერის შემთხვევაში პროცესი სენატში გადაინაცვლებს, სადაც დემოკრატებს უმრავლესობა აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი