ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში პრობლემების გამო პუტინი სომხეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს

12 სექტემბერი, 2023 • 2014
ყარაბაღში პრობლემების გამო პუტინი სომხეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს

“სომხეთის ხელისუფლებამ ფაქტიურად აღიარა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის,  და ეს პრაღის განცხადებაშია აქვს სომხეთს ქაღალდზე დაფიქსირებული. ყარაბაღის სტატუსი სომხეთმა თავადვე განსაზღვრა, სწორედ ამაშია პრობლემა”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე.

შესაბამისად, როგორც პუტინი ამბობს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ახლა უკვე ღიად აცხადებს, რომ ყარაბაღის სტატუსის განხილვა დღის წესრიგში აღარ დგას, ის გადაჭრილია და ეს, როგორც პუტინი ამბობს, მხოლოდ სომხეთის ხელისუფლების განცხადების გამო მოხდა და რუსეთის და ყარაბაღში მისი სამშვიდობოების უუნარობაზე საუბარი ან დადანაშაულება რამეში, არასწორია.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, ყარაბაღში, ლაჩინის კორიდორის ჩაკეტვასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაში, ასევე სომხეთის ხელმძღვანელობა დაადანაშაულა:

“რუსი სამშვიდობოების დადანაშაულება ლაჩინის კორიდორში არასტაბილური სიტუაციის გამო, არასწორია. ლაჩინის კორიდორში ამჟამინდელი სიტუაცია სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილად აღიარების შედეგია. ეს დაფიქსირებული იყო 2023 წის მაისში და 2022 წლის ოქტომბერში ევროკავშირის ეგიდით გამართულ სამიტებზე “, – განაცხადა ზახაროვამ.

იქამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორდება.

“ვხედავთ რომ რუსეთი თავად გადის რეგიონიდან, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც დგამს ან არ დგამს. ლაჩინის კორიდორი, რომელიც რუსი სამშვიდოებოების კონტროლქვეშ უნდა იყოს, არ იმყოფება მათ კონტროლქვეშ. მიზეზი ორია: ან რუსეთს არ შეუძლია, ან არ სურს ლაჩინის კორიდორის კონტროლის შენარჩუნება”, – განაცხადა ფაშინიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი