ახალი ამბები

„სამიზნე მაჩვენებელია დღეში 10-მდე ფრენა ჩინეთში“ — დავითაშვილი

11 სექტემბერი, 2023 • 1538
„სამიზნე მაჩვენებელია დღეში 10-მდე ფრენა ჩინეთში“ — დავითაშვილი

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან“ პირდაპირი ფრენების ზრდასა და სხვადასხვა ქალაქის დამატებაზე.

„მივიღეთ შეთანხმება, რომ მალე ჩინეთთან დღეში მინიმუმ 1 ფრენა გვექნება, მაგრამ ჩვენი ამბიცია უფრო მეტია — პირდაპირ გეტყვით, დღეში შეიძლება 10-მდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმისთვის, რომ შევძლოთ იმ ნაკადების უზრუნველყოფა, რომელიც იქნება შესამჩნევი და ხელშესახებ შედეგს მოიტანს ეკონომიკური თვალსაზრისით“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

დავითაშვილის თქმით, ასევე აუცილებელია ჩინეთში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების მიმართ ცნობადობის გაზრდა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიების ჩატარება, რომელმაც უნდა გაზარდოს ჩინეთში საქართველოსადმი დაინტერესება, პირდაპირ უკავშირდება ფრენების საკითხსაც, რადგან საქართველოსა და ჩინეთს შორის ფრენები ავიაკომპანიებისთვის არ იქნება კომერციულად მიმზიდველი მათზე მოთხოვნის გარეშე.

„ჩვენს სამინისტროს ბევრი ექნება სამუშაო ფრენების მოთხოვნის გენერირების მიმართულებით. პირველ ეტაპზე, გვექნება მინიმუმ ერთი რეისი დღეში, კვირაში — 7 რეისი. ეს იქნება სამმხრივი ფრენა პეკინი-ურუმჩი-თბილისი. საბოლოოდ, გვინდა, რომ პირდაპირი დაკავშირებადობა ჩინეთის აღმოსავლეთის ქალაქებთან გაიზარდოს“, — დასძინა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმულია ჩინეთის ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი, ალბათ, ყველასთვის სასურველი ტურისტული ბაზარია — ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯები დაახლოებით 300 მლრდ დოლარამდეა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ის მინიმალურია — ფაქტობრივად არ გვაქვს, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, იმედი გვაქვს, ერთ-ერთი ახალი ტურისტული ბაზრის სათანადოდ ათვისებას შევძლებთ“, — განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გაკეთდა იმის დეტალური ანალიზი, თუ როგორ შეიძლება მომხდარიყო ამ ტურისტული პოტენციალის უკეთესად გამოყენება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი ამ გზაზე სწორედ სავიზო რეჟიმი იყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეიდან 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას უვიზოდ შეძლებენ.

ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ შემოვლენ

მასალების გადაბეჭდვის წესი