საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მხარდაჭერას გამოხატავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ ცნობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ყარაბაღში.
დე ფაქტო მთიან ყარაბაღში საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც დეპუტატები კენჭისყრით ირჩევდნენ კანდიდატს, 2023 წლის 9 სექტემბერს გაიმართა. ახალ დე ფაქტო პრეზიდენტად სამველ შახრამანიანი აირჩიეს. მან აღნიშნულ პოსტზე 2020 წელს არჩეული არაიკ არუთუნიანი შეცვალა.
სამველ შახრამანიანს 2023 წლიდან დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა.
ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ისაუბრა იმაზე, რომ მთიანმა ყარაბაღმა უნდა მიიღოს სტატუსი და უნდა ჰქონდეს პირდაპირი კავშირი სომხეთთან ლაჩინის კორიდორით, რომელიც აზერბაიჯანს 2022 წლის დეკემბრიდან გადაკეტილი აქვს.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში გამართულ არჩევნებს “უკანონო საქმიანობა” უწოდა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს.