ახალი ამბები

ახალციხის საკრებულოში ენმ-ის ფრაქცია დაიშალა

9 სექტემბერი, 2023 • 1678
ახალციხის საკრებულოში ენმ-ის ფრაქცია დაიშალა

ახალციხის საკრებულოში ენმ-ის ფრაქცია დაიშალა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ფრაქციის უკვე ყოფილმა წევრებმა გაავრცელეს. მათი თქმით, ტოვებენ პარტიას, თუმცა საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით გააგრძელებენ:

„მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და გადავიდეთ დამოუკიდებელ დეპუტატებად, სადაც აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენი ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების ნებას პროდასავლური საქართველოს შენების კურსით“ — აცხადებენ ახალციხის საკრებულოს წევრები, რომლებმაც პარტია დატოვეს.

მათი თქმით, 7 თვის განმავლობაში ახალციხის საკრებულოში ენმ-ის დეპუტატებს პარტიიდან არავინ შეხმიანებია და თავს გარიყულად გრძნობდნენ. ენმ-ის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ მათი საქმიანობით ახალციხის საკრებულოში პარტიის მენეჯმენტიდან ამ დროის განმავლობაში არავინ დაინტერესებულა, ამიტომ ენმ-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს:

„არ ვიცით ახლა ვინ არის ახალციხეში ენმ-ის პარტიის თავმჯდომარე ან სად არის ოფისი, ჩვენთან დეპუტატებთან არანაირ კონტაქტზე არ გამოსულან. ამიტომ ვისაც ჩვენ არ ვუნდივართ…“ — ამბობს ენმ-ის უკვე ყოფილი წევრი ნატო დარბაიძე „მთავარი არხისთვის“ მიცემულ კომენტარში.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილეს ირაკლი ფავლენიშვილს ესაუბრა. ფავლენიშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აჩენს ეჭვებს, რომ ეს ადამიანები ვერ შეეგუვნენ პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად ჩატარებული ლეგიტიმური არჩევნების შედეგს და თვეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ემიჯნებოდნენ პარტიის ახალ მენეჯმენტს.

რაც შეეხება მათ მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, ფავლენიშვილი ამბობს, რომ მენეჯმენტი მათ პარტიულ ცხოვრებაში ჩართვას სთავაზობდა, ამაზე კი უარს თავად ამბობდნენ:

„ფაქტია, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი არსებობს პარტიაში, რომელიც არ დათანხმდა მენეჯმენტის შემოთავაზებას და არ ჩაერთო პარტიულ ცხოვრებაში, ლეგიტიმურ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც გულისხმობს პოლიტსაბჭოს არჩევნებს, სამდივნოში გადაადგილებებს და ზოგადად, უარს ამბობს პარტიის ოფისებში მოსვლას და პარტიის საქმიანობაში ჩართვას.

შესაბამისად, აქედან გამომდინარე ეს ბრალდება რაც მათ გააჟღერეს არის უსაფუძვლო იმიტომ, რომ მეტი პარტიის მენეჯმენტს არ შეუძლია როცა პარტიულ ცხოვრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს მხარეს და სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ იღებს კონკრეტული ადამიანების ჯგუფი მათივე გადაწყვეტილებით ხდება რომ ისინი ჩამოშორებული არიან პარტიულ ცხოვრებას.

მთავარი გონივრული ეჭვი რაც ჩნდება არის ის, რომ ეს ადამიანები უბრალოდ ვერ შეეგუვნენ ლეგიტიმური არჩევნების შედეგს. ეს ადამიანები თვეების განმავლობაში ტოვებენ პარტიას ან სხვადასხვა ფორმით ემიჯნებიან პარტიის მენეჯმენტს და პარტიას, რაც რა თქმა უნდა გაუგებარია მით უმეტეს იმის შემდგომ, რაც პუტინის პატიმარი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ყველას ერთიანობისკენ და ისრების რუს ოლიგარქზე მიმართვისკენ“ — აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი