ახალი ამბები

მასკმა აღიარა, რომ ყირიმზე შეტევისას უკრაინას „სტარლინკი“ გაუთიშა და ოპერაცია ჩაშალა

8 სექტემბერი, 2023 • 6062
მასკმა აღიარა, რომ ყირიმზე შეტევისას უკრაინას „სტარლინკი“ გაუთიშა და ოპერაცია ჩაშალა

მილიარდერმა ილონ მასკმა, რომლის თანამგზავრულ საკომუნიკაციო სისტემა „სტარლინკს“ უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ, გასულ 2022 წელს ოკუპირებულ ყირიმთან გამორთო „სტარლინკი“, რათა ხელი შეეშალა უკრაინული შეტევისთვის ყირიმში დისლოცირებულ რუსულ ფლოტზე. როგორც „სი-ენ-ენი“ იტყობინება, ამის შესახებ ნათქვამია მასკის ბიოგრაფიაში, რომელიც უოლტერ აიზაქსონის ავტორობით რამდენიმე დღეში უნდა გამოვიდეს.

ტელეარხის ცნობით, მაშინ, როცა ხსენებული შეტევის ფარგლებში უკრაინული წყალქვეშა დრონები, დატვირთულნი ასაფეთქებლით, რუსულ ფლოტს მიუახლოვდნენ, მათ კავშირი დაკარგეს და შესაბამისად, ვეღარც შეტევა განახორციელეს.

აიზაქსონის თანახმად, მასკი, რუს ოფიციალურ პირებთან საუბრების შემდეგ, შიშობდა, რომ მოსკოვი ყირიმზე უკრაინულ შეტევას ბირთვული იარაღით უპასუხებდა და „სტარლინკის“ გათიშვის გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მიიღო. უკრაინის ვიცე-პრემიერი მიხაილო ფიოდოროვი, „სი-ენ-ენის“ ცნობით, მასკს კავშირის აღდგენას სთხოვდა, თუმცა პასუხად მიიღო, რომ ყირიმზე შეტევისთვის კავშირი არ აღსდგებოდა, ვინაიდან, მასკის თქმით, „უკრაინა ახლა მეტად შორს მიდის, სტრატეგიული მარცხისკენ“.

„სტარლინკი“ უკრაინისთვის კავშირის მნიშვნელოვანი წყარო გახდა სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, როცა კავშირგაბმულობის სხვა საშუალებები წყობიდან გამოვიდა. თუმცა, უკრაინის მიერ „სტარლინკის“ შეტევითი ოპერაციებისთვის გამოყენებამ მასკი დააფიქრა:

„როგორ ამოვყავი თავი ამ ომში? „სტარლინკი“ ომებისთვის არ შექმნილა. იმიტომ შეიქმნა, რომ ხალხმა „ნეტფლიქსს“ უყუროს, დაისვენოს, წვდომა ჰქონდეს ონლაინ-გაკვეთილებზე და აკეთოს კარგი, მშვიდობიანი რაღაცები, და არა დრონებით ახორციელოს შეტევები“, – უთქვამს მასკს აიზქსონისთვის, რაც ასახულია ბიოგრაფიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი