ახალი ამბები

იმდენად მიუღებელი იყო ღარიბაშვილის გზავნილები, რომ [ბორელს] მოუწია მკვახე პასუხების გაცემა – ბოკუჩავა

8 სექტემბერი, 2023 •
იმდენად მიუღებელი იყო ღარიბაშვილის გზავნილები, რომ [ბორელს] მოუწია მკვახე პასუხების გაცემა – ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ტონალობა იმდენად მიუღებელი იყო, რომ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელს მოუწია მისთვის „მკვახე“ პასუხები გაეცა.

ბოკუჩავას თქმით,  ბორელთან სამთავრობო გუნდის წარმომადგენლების განცხადებები დიპლომატიურ ჩარჩოებშიც არ ჯდება.

„არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ დიპლომატიური გამოცდილებიდან შემიძლია ვისაუბრო, რომ როდესაც ასეთი მაღალი დონის შეხვედრა არის ხოლმე დასავლეთიდან და ევროკავშირიდან, ბუნებრივია, არსებობს დიპლომატიური ჩარჩოები. იმდენად მიუღებელი იყო ის ტონალობა, რომელშიც საუბრობდა „ოცნება“ და ის გზავნილები, რომელიც უმაღლესმა წარმომადგენელმა მოისმინა, რომელიც შემდეგ გაიმეორა საჯაროდ ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე, რომ მას მოუწია ძალიან მკვახე პასუხების გაცემა. მაგალითად, როდესაც მან პირდაპირ უთხრა ხელისუფლებას, რომ ფუჭია გადაბრალების პოლიტიკა, რომ ისინი იმას, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, არა ევროკავშირს და სხვა აქტორს, არამედ საკუთარ თავს უნდა აბრალებდნენ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველთან“.

თბილისში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს ამ ეტაპზე სრულად თორმეტიდან მხოლოდ სამი პრიორიტეტი აქვს შესრულებული. საქართველოს პრემიერმა ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამის საპირისპიროდ განაცხადა, რომ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია და მხოლოდ რამდენიმეა დარჩენილი, მათ შორის პოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი