ახალი ამბები

მომხმარებლის უფლების დარღვევისთვის მოვაჭრის დაჯარიმების წესი განისაზღვრა

8 სექტემბერი, 2023 • 1058
მომხმარებლის უფლების დარღვევისთვის მოვაჭრის დაჯარიმების წესი განისაზღვრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, მოვაჭრისთვის დასაკისრებელი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის წესი დაამტკიცეს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მათი პოზიციით, ჯარიმის ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მოვაჭრის ეკონომიკურ, ფინანსურ შესაძლებლობებს და დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ მოვაჭრის კომერციულ საქმიანობას საფრთხე არ უნდა შეუქმნას. კერძოდ, უწყებაში მიიჩნევენ, რომ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება: დარღვევის მასშტაბი, ხასიათი, სიმძიმე, ხანგრძლივობა და სხვა გარემოებები:

„სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ამასთანავე, 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. მოვაჭრე ვალდებულია ჯარიმა მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაიხადოს. 12 თვის განმავლობაში დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა ორმაგი ოდენობით. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს“ — ვკითხულობთ განცხადებაში.

სააგენტოს განცხადებით, მოვაჭრისთვის დასაკისრებელი ჯარიმის გამოთვლის სახელმძღვანელოს მიზანია, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, ხელი შეუწყოს ჯარიმის ოდენობის ობიექტურად განსაზღვრას და ჯარიმის ოდენობის გამოთვლის პროცესის გამჭვირვალობას და ობიექტურობას.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა. მისი აღსრულება კი 2022 წლის 1 ნოემბერს დაიწყო:

„კანონის დროული და ეფექტიანი აღსრულების მიზნით, 2023 წლის ივლისის თვეში, ცვლილებები შევიდა. მათ შორის, მოვაჭრისათვის ჯარიმის დაკისრების მიმართულებით. მიღებული ცვლილებები შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ“ — აცხადებენ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი