საზოგადოება

ჩარტერული რეისი მხოლოდ ევროპამდე — სტრატკომის განმარტება პრემიერის აშშ-ში ვიზიტზე

7 სექტემბერი, 2023 •
ჩარტერული რეისი მხოლოდ ევროპამდე — სტრატკომის განმარტება პრემიერის აშშ-ში ვიზიტზე

მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა დღეს, 7 სექტემბერს, განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში პირადი მიზნით მოგზაურობაზე.

„საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“, — ნათქვამია სტრატკომის 7 სექტემბრის განცხადებაში.

გუშინ, 6 სექტემბერს, სტრატკომის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა პირად ფეისბუკგვერდზე დაწერა, რომ ღარიბაშვილი აშშ-ში საკუთარ შვილთან ერთად გაემგზავრა, რომელსაც ახალი სასწავლო წელი ეწყებოდა პენსილვანიის უნივერსიტეტში. მისი სიტყვებით, “კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას”, თუმცა “სკანდალური არაფერია”.

“ყველა ადამიანს აქვს სურვილი და უფლებაც მისი შვილისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს მის გვერდით იყოს. მით უმეტეს არც კანონი დარღვეულა და არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა.

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას”, — წერია მთავრობის სტრატკომის უფროსის 6 სექტემბრის პოსტში.

ნეტგაზეთმა ამბის დეტალებში უფრო უკეთ გარკვევა სცადა როგორც პირადად ნინო გიორგობიანთან, ისე — მთავრობის პრესსამსახურის სხვა თანამშრომელთანაც. გიორგობიანმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

პრესსამსახურისგან პასუხის მიღების შემთხვევაში ნიუსი განახლდება.

ტვ „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის განცხადება არის წინასწასარი რეაქცია შაბათს, 9 სექტემბერს დაგეგმილ გადაცემასთან დაკავშირებით.

„მადლობა ჩვენი გადაცემის დაანონსებისთვის, ბევრს და ძალიან საინტერსო დეტალებს ნახავთ შაბათს, 9 სექტემბერს შაბათის ეთერში! პ.ს დრონს რომ ვერ მიაგენით ეგეც დაგეწერათ“, — წერს ნოდარ მელაძე.

ღარიბაშვილის დეკლარაცია

სანამ ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის დეკლარაციას შეავსებს, ჩვენ გავეცანით 2022 წელს შევსებულ დეკლარაციას. დოკუმენტის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილს პენსიონერმა მშობლებმა 2021 წელს 150 ათასი ლარი აჩუქეს.

რაც შეეხება შემოსავალს, ამავე წელს ჯერ თავდაცვის მინისტრის, შემდეგ კი პრემიერის პოსტზე მას შემოსავლის სახით მიღებული აქვს 44 ათას ლარამდე (დაუქვითავი).

ოჯახის საკუთრებაში არსებული დანაზოგი კი, დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს 50 ათასი ლარი იყო.

ამავე წელს მის ცოლს, ნუნუ თამაზაშვილს, 42 ათას დოლარამდე აქვს გადახდილი ქართუ ბანკში ავტომობილის სესხის დასაფარად.

ღარიბაშვილის ოჯახის საკუთრებაშია 6 უძრავი ქონება. დეკლარაციაში არ ფიქსირდება რაიმე სახის სხვა შემოსავალი 2021 წლისთვის. 2023 წლის მიწურულს ღარიბაშვილმა დეკლარაციაში 2022 წლის მონაცემები უნდა ასახოს.

როგორც ნინო გიორგობიანი ამბობს, კერძო თვითმფრინავის დაქირავებაში გადახდილი თანხა საჯარო გახდება მომდევნო დეკლარაციის შევსებისას. თუმცა, 2023 წელს გაწეული ხარჯები, მათ შორის, ჩარტერულ რეისში გადახდილი თანხა დეკლარაციაში უნდა აისახოს 2024 წლის მიწურულს.

შესაბამისად, თუ ირაკლი ღარიბაშვილმა მანამდე არ გაასაჯაროვა, რა დაუჯდა და საიდან მოიტანა თვითმფრინავის დასაქირავებლად აუცილებელი ფული, ამას საზოგადოება 2024 წლის ბოლომდე ვერ გაიგებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი