ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ მელიას საჩივარი არ დააკმაყოფილა

7 სექტემბერი, 2023 • 1428
სტრასბურგის სასამართლომ მელიას საჩივარი არ დააკმაყოფილა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას საჩივარი არ დააკმაყოფილა.

საჩივარი ეხებოდა 2019 წლის 20 ივნისის საქმეს, რომელშიც ნიკა მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის იყო ბრალდებული. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი:

  • მე-5 მუხლი — თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
  • მე-18 მუხლი — უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.

მელია სტრასბურგის სასამართლოში დაობდა, რომ 2021 წლის 17 თებერვალს მისი წინასწარი დაკავების შესახებ გადაწყვეტილება უკანონო იყო და მის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის კონტექსტში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება საჭირო არ ყოფილა. ამასთან, მელია აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული საქმის მიზანი მისი პოლიტიკიდან ჩამოცილების მცდელობა იყო. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მელიას საჩივარი არც ერთ ნაწილში არ დააკმაყოფილა.

ნიკა მელიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა პროკურატურამ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაიწყო. მას ბრალდება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

27 ივნისს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 30 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა, ამასთან სასამართლომ მას სხვა ვალდებულებებიც განუსაზღვრა, მათ შორის მელიას არ ჰქონდა უფლება სახლი საგამოძიებო ორგანოებისთვის შეტყობინების გარეშე დაეტოვებინა. პოლიტიკოსს აეკრძალა საჯარო განცხადებების გაკეთებაც, საბუთები კი ჩამოართვეს.

სასამართლოს გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა. 2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და არ გამოიყენა ნიკა მელიას წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და არ გაუუქმა მელიას ის შეზღუდვები, რაც საქალაქო სასამართლომ დაუწესა, მაგალითად, საჯარო განცხადების გაკეთება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში; მოწმეებთან კომუნიკაცია. მეტიც, სააპელაციოს სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის გადაწყვეტილებით, ამ სანქციებს კიდევ ერთი დაემატა — დეპუტატს ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ დამატებითი მონიტორინგისათვის. 2020 წლის 1 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ ელექტროსამაჯური საჯაროდ მოიხსნა:

„ამ სამაჯურის ტარებას აღარ ვაპირებ, რადგან ეს უსამართლობის სიმბოლოა და არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც აღარ შევიბამ, გამორიცხულია. ზუსტად ვიცი, ციხეში ვიქნები თუ თქვენთან ერთად ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს და გამარჯვებულები ვიქნებით”,-განაცხადა მელიამ აქციაზე გამოსვლისას“ — აცხადებდა ნიკა მელია.

აღნიშნულის შემდეგ, 2020 წლის 2 ნოემბერს, პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს კიდევ მიმართა და გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდა მოითხოვა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას გირაოს ოდენობა 40 000 ლარამდე გაუზარდა, გადასახდელად კი ვადა 24 დეკემბრამდე განუსაზღვრა. ამავე პერიოდში, 2020 წლის 27 დეკემბერს ნიკა მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ აირჩიეს. მალევე, ნიკა მელიამ საჯაროდ განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებდა.

2021 წლის 16 თებერვალს პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუწყვიტა. ამავე დღეს პროკურატურამ სასამართლოს მელიას დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნით მიმართა, რაც სასამართლომ 17 თებერვალს დააკმაყოფილა. მომდევნო დღეს თანამდებობიდან გადადგა იმდროინდელი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია.

საბოლოოდ ნიკა მელია, 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შტურმის შედეგად. მელია ციხიდან 2021 წლის 18 თებერვლის შეთანხმების საფუძველზე, პრეზიდენტის შეწყალების შედეგად გათავისუფლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი