ახალი ამბები

ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება – სააკაშვილი ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

5 სექტემბერი, 2023 •
ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება – სააკაშვილი ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ვინც ბოკერიას გზას დაადგება, განულდება“.

სააკაშვილის თქმით, პარტიამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს.

„მინდა მივმართო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ჩვენს გმირულ აქტივს! ჩემო ძვირფასებო, ძალიან მომენატრა თქვენთან პირადი კონტაქტი, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენს შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამისთვის გავუძელი ყველაფერს აქამდე.

ამ გზაზე ჩვენ ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ჩვენი ძალები, მაგრამ იმისთვის, რომ სხვებთან გვქონდეს მისასვლელი პირი, თვითონ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე, ამავე დროს მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან. ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია. სამიზნე უნდა გავასწოროთ ყველამ, ჩვენი მთავარი და ამ ეტაპზე ერთადერთი სამიზნე რუსული რეჟიმია!“, – ნათქვამია საააკაშვილის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ განცხადებით, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე დაპისრპირებას გამოეხმაურა, რომელიც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილსა და მის წინამორბედ ნიკა მელიას შორის არსებობს.

რაც შეეხება გიგა ბოკერიას მაგალითს, სავარაუდოდ, სააკაშვილმა ამით პარალელი გაავლო 2017 წელთან, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმეთვიანი შიდადაპირისპირების შემდეგ გაიყო და პარტია გიგა ბოკერიამ და ენმ-ის სხვა ლიდერებმა დატოვეს. მათ ენმ-დან წამოსვლის შემდეგ პარტია „ევროპული საქართველო“ შექმნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი