ახალი ამბები

არსებითად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებულია — კობახიძე თბილისის კონფერენციაზე

5 სექტემბერი, 2023 • 1839
არსებითად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებულია — კობახიძე თბილისის კონფერენციაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენცია – „პუტინიზმის დამარცხება!“ – „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ორგანიზებული.

მისი თქმით, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მონაწილეობს ამ კონფერენციაში მმართველი გუნდი.

„ეს არის არსებითად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და მათი მეგობრების ორგანიზებით ჩატარებული კონფერენცია. შეიძლება, იქ ზოგი დამოუკიდებელი ექსპერტიც იყოს მიწვეული, ვინც არ იცოდა ამ კონფერენციის შინაარსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

4-5 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით, თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „პუტინიზმის დამარცხება!“ მიმდინარეობს. ყოველი წლის სექტემბერში კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.

კონფერენციაში, გასული წლის მსგავსად, არ მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ევგენიძის ცნობით, ისინი მოწვეულები იყვნენ, თუმცა გადაწყვიტეს, მონაწილეობა არ მიეღოთ.

„ყველა, ვისთვისაც ძვირფასია საქართველო და მისი ევროატლანტიკური მომავალი, აქ არის. ჩემი აზრია, რომ ხელისუფლების მიზანი არაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, — განაცხადა ევგენიძემ.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია უკრაინისა და საქართველოს ჰიმნებით გაიხსნა. კონფერენციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს შოვის სტიქიისას დაღუპულთა ხსოვნას.

მასალების გადაბეჭდვის წესი