ახალი ამბები

ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დავაკავეთ — პოლიცია

5 სექტემბერი, 2023 • 1609
ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დავაკავეთ — პოლიცია

ესპანეთის პოლიციის ცნობით, სამართალდამცავებმა დაშალეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც “ქართული წარმოშობის ტრანსნაციონალური ორგანიზაციის” ნაწილი იყო და ქვეყნის ტერიტორიაზე სახლებს ქურდავდა.

პოლიციის თანახმად, ჯგუფი მადრიდში იყო ბაზირებული, თუმცა ქვეყნის სხვა ტერიტორიებზეც მოძრაობდა. ისინი ერთსა და იმავე ქალაქში ათეულობით სახლს ქურდავდნენ, შემდეგ კი სხვა ქალაქში გადადიოდნენ.

“ამ ქალაქებში ყოფნისას ისინი ტურისტულ აპარტამენტებში ან ქართული წარმოშობის სხვა მოქალაქეთა უსაფრთხო სახლებში რჩებოდნენ, რათა შეუმჩნეველნი დარჩენილიყვნენ”, — ამბობს უწყება.

მოპარული მასალა, პოლიციის ცნობით, გადაეცემოდათ ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ნაქურდალის გაყიდვაზე ისევე, როგორც ფულადი გზავნილების განხორციელებაზე საქართველოსა და სხვა ქვეყნებში.

ესპანეთის პოლიციის მიხედვით, ქართული წარმოშობის ორგანიზაციას, რომელშიც ხსენებული ჯგუფი ერთიანდებოდა, ე.წ. კანონიერი ქურდი უდგას სათავეში. სახელები და გვარები ნახსენები არ არის.

სამართალდამცავთა ცნობით, მსგავს ჯგუფებში 2-4 ადამიანი ერთიანდება, რომლებიც დროებით იმყოფებიან ესპანეთში. მათ სხვა ქვეყნებში მყოფი თანამზრახველები “დიდძალ ლოჯისტიკურ დახმარებას” უწევენ, რაშიც გაყალბებული დოკუმენტებით მომარაგებაც მოიაზრება.

პოლიციის ცნობით, იდენტიფიცირებული და დაკავებულია დაჯგუფების სამი წევრი. ისინი ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში, ლუგოს პროვინციაში დააკავეს, სადაც ახალ ქურდობას გეგმავდნენ. ამოღებულია ნაქურდალი ნივთებიც, მათ შორის, ძვირფასეულობა, ტელეფონები და ნაღდი ფული.

“გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული ორგანიზაციის სხვა წევრების დაკავებაც სამომავლოდ”, — აღნიშნულია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი