ახალი ამბები

კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი “ჰუბერტ ბალსის ფონდის” დირექტორად დაინიშნა

5 სექტემბერი, 2023 • 1334
კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი “ჰუბერტ ბალსის ფონდის” დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილი დირექტორი თამარ ტატიშვილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის ფონდის დირექტორად დაინიშნა. “ჰუბერტ ბალსის ფონდს”(HBF) 35-წლიანი ისტორია აქვს.

“ტატიშვილს, როგორც სტრატეგიის კონსულტანტს, ლიდერი, პროდიუსერსა და პროგრამისტს, აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო კინოინდუსტრიის მრავალ სფეროში”, — აღნიშნავს ფონდი.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, “ჰუბერტ ბალსის ფონდი” 1988 წლიდან უჭერს მხარს ინოვაციურ კინოპროექტებს. ის განსაკუთრებით მჭიდროდ თანამშრომლობს კინორეჟისორებთან იმ ქვეყნებში, სადაც ადგილობრივი კინოს დაფინანსება და შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეზღუდულია.

ტატიშვილი აცხადებს, რომ მოხარულია თავის კარიერაში ახალი ეტაპის დაწყებით. როტერდამის კინოფესტივალის დირექტორი ვანია კალუჯერჩიჩი კი დარწმუნებულია, რომ ახალი ხელმძღვანელი ფონდს პერსპექტიულ მომავალს უქადის.

თამარ ტატიშვილი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის პოზიციას 2010-2013 წლებში იკავებდა. მანამდე ის ხელმძღვანელობდა “სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ასოციაციას”, რომლის თანადამფუძნებელიც იყო.

2014 წლიდან ტატიშვილი ბრიუსელში საქმიანობს. ის იყო სტრატეგიისა და პარტნიორობის მენეჯერი “ევროპის ქალთა აუდიოვიზუალურ ქსელში” და რეგულარულად უწევს კონსულტაციას ბრიუსელში მოქმედი ხელოვნების ცენტრის, “ბოზარის” კინოფესტივალს, სახელწოდებით “ხიდები. აღმოსავლეთისა და დასავლეთის კინოს დღეები”.

2020 წლის თებერვლიდან ტატიშვილი “კინოსა და აუდიოვიზუალურ მედიაში პროფესიული მომზადების ფონდის” (focal) ერთ-ერთ პროგრამას ხელმძღვანელობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი