ახალი ამბები

ნაცვლიშვილი პარლამენტში შესვლაზე პაპუაშვილის ახალ ბრძანებას აკრიტიკებს

5 სექტემბერი, 2023 • 2528
ნაცვლიშვილი პარლამენტში შესვლაზე პაპუაშვილის ახალ ბრძანებას აკრიტიკებს

„ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის ახალ ბრძანებას, რომლითაც პარლამენტში შესვლის და ქცევის წესი მკაცრდება, „რაც შეიძლება შორს მოქალაქეებისგან, რადგან მათი გვეშინია“ უნდა ერქვას.

ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა დღეს, 5 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ბატონო შალვა, მინდა მადლობა გითხრათ ამ საჩუქრისთვის – „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის შესახებ“. ამას სინამდვილეში უნდა ერქვას, „რაც შეიძლება შორს მოქალაქეებისგან, რადგან მათი გვეშინია“. მე არ ვიცი, რა პანიკური შიში გაქვთ, რომ ამ შენობაში, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არ გეკუთვნით არც თქვენ, არც მე და არც რომელიმე ცალკეულ დეპუტატს თუ პოლიტიკურ ძალას, ასე ძალიან გეშინიათ საქართველოს მოქალაქეების ხმა როგორმე არ ისმოდეს. უბრალოდ სამარცხვინოა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.


პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც პარლამენტში შესვლის და ქცევის წესი მკაცრდება.

კერძოდ, ახალი წესით, დაუშვებელია პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შენობაში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების, მათ შორის, ბანერებისა და პოსტერების, ასევე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების შეტანა.

ამასთან,  ვიზიტორს ეკრძალება პარლამენტის სასახლის ტერიტორიაზე ტრანსპარანტების გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, ასევე შენობაში სადემონსტრაციო მასალის (პლაკატების, ბანერების, წარწერების და ა.შ.) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება.

ასევე ვიზიტორს ეკრძალება ჟურნალისტებთან კომუნიკაცია პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრული სივრცეებში, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.

ახალის წესის მიხედვით, პარლამენტის სასახლის ვიზიტორი ვალდებულია ატაროს ჩაცმულობა სამუშაო გარემოს შესაბამისად.

ბრძანების თანახმად, ახალი წესის დამტკიცების მიზნებია: პარლამენტის ტერიტორიაზე სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, შენობაში მყოფი პირების, შენობის და მასში განთავსებული ნივთების ფიზიკური საფრთხისგან დაცვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი