ახალი ამბები

პაპუაშვილის ახალი ბრძანებით პარლამენტში შესვლის და ქცევის წესი მკაცრდება

4 სექტემბერი, 2023 • 1301
პაპუაშვილის ახალი ბრძანებით პარლამენტში შესვლის და ქცევის წესი მკაცრდება

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც პარლამენტში შესვლის და ქცევის წესი მკაცრდება.

კერძოდ, ახალი წესით, დაუშვებელია პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შენობაში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების, მათ შორის, ბანერებისა და პოსტერების, ასევე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების შეტანა.

ამასთან,  ვიზიტორს ეკრძალება პარლამენტის სასახლის ტერიტორიაზე ტრანსპარანტების გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, ასევე შენობაში სადემონსტრაციო მასალის (პლაკატების, ბანერების, წარწერების და ა.შ.) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება.

ასევე ვიზიტორს ეკრძალება ჟურნალისტებთან კომუნიკაცია პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრული სივრცეებში, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე.

ახალის წესის მიხედვით, პარლამენტის სასახლის ვიზიტორი ვალდებულია ატაროს ჩაცმულობა სამუშაო გარემოს შესაბამისად.

ბრძანების თანახმად, ახალი წესის დამტკიცების მიზნებია: პარლამენტის ტერიტორიაზე სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, შენობაში მყოფი პირების, შენობის და მასში განთავსებული ნივთების ფიზიკური საფრთხისგან დაცვა.

„ეს წესი არის განახლებული წესი, რომელიც მანამდეც არსებობდა და მისი მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების და სამუშაო გარემოს დაცვა, ასევე პარლამენტის სასახლეში შემოსვლის წესი, საშვის დაშვების წესი, ვიზიტორების შემოსვლა, ავტომანქანით შემოსვლა და ყველა ეს საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იყო ერთ სისტემატიზირებულ მდგომარეობაში მოგვეყვანა, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი