ახალი ამბები

მთავრობა თელავის აეროდრომის ადგილზე ახალი აეროპორტის აშენებას გეგმავს

4 სექტემბერი, 2023 • 1549
მთავრობა თელავის აეროდრომის ადგილზე ახალი აეროპორტის აშენებას გეგმავს

მთავრობა თელავის აეროდრომის ადგილზე ახალი აეროპორტის აშენებას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე დღეს, 4 სექტემბერს გაავრცელა. მისი თქმით, პროექტი 25-30 მილიონი ლარი დაჯდება და ახალი აეროპორტი პირველ მგზავრებს 2024 წლის მაის-ივნისში მიიღებს:

„თელავში იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შეიქმნას ახალი აეროპორტი. ჩვენ პროექტირება-მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და გვინდა, რომ პირველი მგზავრი აეროპორტმა მიიღოს 2024 წლის მაის-ივნისში დაახლოებით. პროექტისთვის გამოყოფილია დაახლოებით 25-30 მილიონი ლარი.

ჩვენ სრულიად განვაახლებთ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, ინფრასტრუქტურა განახლდება და შეიქმნება საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები, თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს. ეს ნიშნავს, რომ არამხოლოდ ტურისტებს, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ ბათუმის მიმართულებით, მესტიისა და ქუთაისის მიმართულებით,“ — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ამასთან, აუცილებელია შიდა ავიაციის განვითარება, რისთვისაც მთავრობა ადგილობრივ კომპანიებს ეხმარება. ღარიბაშვილის თქმით, ეს მიმართულება კიდევ გაფართოვდება და ჯამში საქართველოში 6 თანამედროვე აეროპორტი იფუნქციონირებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივნისს განაცხადა, რომ ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილზე მთავრობა  ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას განიხილავს. ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა გეგმავს, ქვეყანაში ეს სფერო განავითაროს და ქვეყანა რეგიონში „საავიაციო ჰაბად“ გადააქციოს, რისთვისაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის, ხოლო ვაზიანის ყოფილი აეროდრომი „იდეალური ლოკაციაა“.

„ჩვენ ახლა დავიწყებთ შესწავლას, ჩამოვიყვანთ მსოფლიოში წამყვან საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიებს, ჩავრთავთ მათ, ჩავატარებთ ძალიან დეტალურ კვლევას და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ტავ და ურბანის” მიერ დაფუძნებული თურქული კომპანია „ტავ ჯორჯია” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. ტავ ჯორჯიასთან მოქმედი კონტრაქტით, შპს ”ტავ-ურბან საქართველო” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს.

ხელშეკრულებაში არსებობს პირობა, რომ ვიდრე „ტავ ჯორჯია” თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს, საქართველოს მთავრობას 150 კილომეტრის რადიუსში აეროპორტის აშენების უფლება “ტავთან” შეთანხმების გარეშე არ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი