ახალი ამბები

უკრაინის თავდაცვის მინისტრი გადააყენეს, ზელენსკიმ შემცვლელი უკვე დაასახელა

4 სექტემბერი, 2023 • 2652
უკრაინის თავდაცვის მინისტრი გადააყენეს, ზელენსკიმ შემცვლელი უკვე დაასახელა

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 სექტემბერს განაცხადა და დასძინა, რომ სამინისტროში “ახალი მიდგომების” დროა.

რეზნიკოვს ხსენებული თანამდებობა 2021 წლის ნოემბრიდან ეკავა. თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე მას უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი შეცვლის.

“ოლექსი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გამოიარა. მე მჯერა, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთობის სხვა ფორმატები, როგორც სამხედროებთან, ისე — მთლიანად საზოგადოებასთან”, — დასძენს პრეზიდენტი ზელენსკი.

უკრაინულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ პრეზიდენტმა რეზნიკოვს გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩობა შესთავაზა. როგორც ბრიტანული BBC წერს, თავდაცვის აწ უკვე ყოფილ მინისტრს კარგი ურთიერთობები აქვს მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან ლონდონში.

რეზნიკოვი, რომელიც ინტენსიურად ლობირებდა იარაღის მიწოდების საკითხს უკრაინისთვის, კარგად ცნობილი ფიგურაა უკრაინის სხვა პარტნიორ სახელმწიფოთა ლიდერებს შორისაც.

თავდაცვის მინისტრის შესაძლო გათავისუფლებაზე ცნობები გასულ დღეებშიც ვრცელდებოდა. რეზნიკოვი ამბობდა, რომ თუ ზელენსკი სხვა მიმართულებით მუშაობას შესთავაზებდა, ის აღნიშნულს დათანხმდებოდა.

როგორც BBC აღნიშნავს, უშუალოდ რეზნიკოვი კორუფციაში დადანაშაულებული არ არის თუმცა მის გადაყენებას წინ უძღოდა არაერთი კორუფციული სკანდალი თავდაცვის სამინისტროში. მათ შორის იყო არმიისათვის საჭირო პროდუქციის შესყიდვა გაბერილ ფასებში. სკანდალის ფონზე, 2023 წლის დასაწყისში, მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვი პოსტიდან გადადგა.

თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე წარდგენილი რუსტემ უმეროვი უკრაინაში ყირიმელ თათართა თემის წარმომადგენელია. ის სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.

უმეროვი საბჭოთა უზბეკეთში დაიბადა, სადაც მისი ოჯახი დიქტატორ იოსებ სტალინის დროს გადაასახლეს. მოგვიანებით, გასული საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში, ყირიმელ თათრებს უკან დაბრუნების უფლება მისცეს და უმეროვის ოჯახიც ამ დროს დაუბრუნდა ყირიმს. მაშინ რუსტემ უმეროვი ჯერაც ბავშვი იყო.

2000-იანი წლების დასაწყისში ბიზნესმენი უმეროვი სატელეკომუნიკაციო ბიზნესში ჩაება, 2019 წელს პარლამენტში აირჩიეს, გასულ წელს კი — უკრაინის ქონების ფონდის ხელმძღვანელის პოსტი ჩააბარეს.

უმეროვი წლების განმავლობაში მუშაობდა ყირიმელ თათართა თემის ლიდერის, მუსტაფა ჯემილევის მრჩევლად. ჯემილევი მეთაურობდა ყირიმელ თათართა მეჯლისს — ყირიმელ თათართა თვითმმართველ ორგანოს, რომელიც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ აკრძალა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის პარლამენტის დეპუტატებს მიმდინარე კვირაში გამოიძახებენ უმეროვის კანდიდატურისთვის ხმის მისაცემად.

მასალების გადაბეჭდვის წესი