ახალი ამბები

დმიტრი მურატოვი რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს

2 სექტემბერი, 2023 • 2071
დმიტრი მურატოვი რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს

„ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი და ნობელის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მურატოვი „ქმნიდა და ავრცელებდა უცხოელი აგენტების საინფორმაციო მასალებს“.

„გარდა ამისა, მან გამოიყენა საგარეო პლატფორმები რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ უარყოფითი მოსაზრებების გამოსაქვეყნებლად“, – ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მურატოვთან ერთად „უცხოელი აგენტების“ რეესტრში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კიდევ 8 პირი შეიყვანა, მათ შორის არიან: კომიკოსი რუსლან ბელი, რადიო წამყვანი ქსენია ლარინა, ჟურნალისტი დენის კატაევი. გარდა ამისა „უცხოელი აგენტების“ სიაში მოხვდა ომის საწინააღმდეგო მოძრაობა „ახალი ტუვა“.


რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებამ უფრო მეტად გააძლიერა დევნა როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მიიღეს კანონი „რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის“, რომლთაც რუსეთის მოქალაქეებს 15 წლამდე პატიმრობით ემუქრება.

“ნოვაია გაზეტამ” რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოსგან მეორე გაფრთხილების შემდეგ მუშაობა შეაჩერა. გამოცემამ აღნიშნა, რომ დროებით წყვეტენ საქმიანობას უკრაინაში რუსეთის სამხედრო კამპანიის დასრულებამდე.

მანამდე, 1993 წელს დაფუძნებული “ნოვაია გაზეტა” ერთ-ერთი ბოლო დამოუკიდებელი გამოცემა იყო რუსეთში, რომელიც, რთული პირობების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელებას ახერხებდა.

დმიტრი მურატოვმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღესვე მწვავედ გააკრიტიკა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება.  ნობელის პრემიის ოქროს მედალს, რომელიც შარშან მიიღო, მურატოვი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად აუქციონზე ყიდდა. 2022 წლის აპრილში  მურატოვს მატარებელში უცნობი პირი თავს დაესხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი