ახალი ამბები

კოკა კვირკველია “პალიტრა მედიას” ტოვებს

1 სექტემბერი, 2023 •
კოკა კვირკველია “პალიტრა მედიას” ტოვებს

ჟურნალისტი კოკა კვირკველია “პალიტრა მედიას” ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მან დღეს, 1 სექტემბერს, ფეისბუკზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 15-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ხვალიდან მედიაჰოლდინგ “პალიტრას” თანამშრომელი აღარ იქნება.

როგორც “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტა, მისი გადაწყვეტილების მიზეზი რამდენიმე თვის წინ მისი პოლიტიკური გადაცემა “ნიუსრუმის” დახურვა გახდა.

მას გადაცემები მიჰყავდა როგორც ტელევიზიაში, ასევე რადიოში და საქმიანობდა ვებზეც. როგორც თავად ამბობს, მისი პროექტებიდან თვეების წინ მხოლოდ “ნიუსრუმი” დახურეს, რადიოში პოლიტიკური გადაცემა კი დარჩა.

“ნიუსრუმი” დახურეს 25 მაისს და მას შემდეგ ინტენსიურად ვფიქრობდი წასვლაზე. ახალი სეზონი ორშაბათიდან იწყება “პალიტრაზე” და ვფიქრობ, დრო სწორად შევარჩიე იმიტომ, რომ ამ მიმართულებით მომავალს აქ ვერ ვხედავ. შესაბამისად, ახლა მივიღე ეს გადაწყვეტილება”, — თქვა მან.

“ნეტგაზეთთან” საუბრისას მან აღნიშნა, რომ თავად “ნიუსრუმის” დახურვის კონკრეტულ მოტივებზე ვერ ისაუბრებს, რადგან კომპანიის მფლობელთან ამასთან დაკავშირებით ჰქონდა საუბარი და ეს სწორედ მფლობელის გადაწყვეტილება იყო.

მისი თქმით, საუბრისას ჰოლდინგის მფლობელმა მიზეზად რეიტინგი დაასახელა, თუმცა, როგორც თავად კვირკველია აცხადებს, “პალიტრას” რეიტინგის მთვლელები ბოლო პერიოდის განმავლობაში არ ჰქონდა, ხოლო მათი არსებობისას და ასევე, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში “ნიუსრუმის” პირდაპირი ეთერი არხის პრაიმტაიმში მყოფ გადაცემებზე ნაკლებად რეიტინგული არ ყოფილა.

“მფლობელმა მე რაც მითხრა ის მიზეზი არგუმენტად ვერ მივიღე იმიტომ, რომ აბსოლუტურად დაცლილი იყო… მაყურებლის ნაწილს, გულშემატკივარი იქნება ეს თუ მედიაექსპერტები და პოლიტიკოსები, მათ საკუთარი აზრი და ეჭვები აქვთ, რომ ეს შეიძლება პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე ყოფილიყო, იმიტომ, რომ პერიოდი “რუსული კანონის” თემის აქტუალობას ემთხვევა და მე მაშინ ძალიან მწვავე ვიყავი ეთერში კონკრეტულად კობახიძის მისამართით.

მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ კობახიძეს შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონდეს ჩვენი მედიის მფლობელზე, აქედან გამომდინარე, მე რაიმეს მტკიცებას მტკიცებით ფორმაში ვერ დავიწყებ”, — განმარტა კვირკველიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი