ახალი ამბები

გაეროს გენმდივანმა ლავროვს წერილი მისწერა „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენისთვის

1 სექტემბერი, 2023 • 1404
გაეროს გენმდივანმა ლავროვს წერილი მისწერა „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენისთვის

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გარკვეული პირობები შესთავაზა „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის სანაცვლოდ, იტყობინება „როიტერსი“.

შეთანხმება, რომელიც 2022 წელს გაფორმდა და შავი ზღვის გავლით უკრაინული ხორბლის ექსპორტის საშუალებას იძლეოდა, რუსეთმა ივლისში დატოვა. მოსკოვში განაცხადეს, რომ პრობლემები ჰქონდათ საკუთარი საკვები პროდუქტების ექსპორტის მხრივ, ხოლო უკრაინული ხორბლის საკმარისი წილი ღარიბ ქვეყნებში არ მიდიოდა. კრემლის მტკიცებით, შეთანხმება სწორედ ამ მიზეზების გამო დატოვეს. შეთანხმებაში დასაბრუნებლად რუსეთი, მათ შორის, ითხოვს, „როსსელხოზბანკს“ დაუბრუნონ წვდომა „სვიფტის“ საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების სისტემაზე.

გუტიერეშის თქმით, მისი შეთავაზებები ქმნის ნიადაგს შეთანხმების განახლებისთვის. „თუმცა, განახლება სტაბილური უნდა იყოს“, – უთხრა მან ჟურნალისტებს. თავისი შეთავაზების დეტალებზე გუტიერიში ამ ეტაპზე არ საუბრობს.

„გვაქვს კონკრეტული შეთავაზებები… [რომლებიც] უზრუნველყოფენ რუსული საკვები პროდუქტისა და სასუქის წვდომას გლობალურ ბაზარზე, ადეკვატურ ფასში. მჯერა, რომ სერიოზულად მუშაობით შეგვიძლია ყველასთვის დადებითი შედეგი მივიღოთ“, – განაცხადა მან.

გაეროს გენმდივნის მცდელობებს მოსკოვში სკეპტიკურად უყურებენ. „როიტერსს“ მოჰყავს ანონიმური რუსი დიპლომატის სიტყვები, რომლის თანახმადაც ,გუტიერიშის წერილში „ახალი არაფერია“ და რეალურად, გაეროს ძველ იდეებს იმეორებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი ვერ ხედავს შეთანხმების აღდგენის ნიშნებს, ვინაიდან არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კრემლის წამოწეული მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი