ახალი ამბები

აშშ:  შემაშფოთებელია რუსეთის მინიშნებები სამოქალაქო გემებზე თავდასხმის შესახებ  

21 ივლისი, 2023 •
აშშ:  შემაშფოთებელია რუსეთის მინიშნებები სამოქალაქო გემებზე თავდასხმის შესახებ  

თეთრი სახლი შეშფოთებულია რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე და  რუსეთის მცდელობაზე,  აღადგინოს უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა, იუწყება CNN თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილეზე დაყრდნობით. 

„ სამი დღეა ვუყურებთ რუსეთის სარაკეტო და უპილოტო დრონებით თავდასხმებს  შავი ზღვის საპორტო ქალაქებზე, რაც უკრაინაზე შეტევის ნაწილია და მცდელობაა აღადგინოს უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადა, რაც  უდიდეს გავლენას მოახდენს სურსათის უსაფრთხოებაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს თეთრი სახლის მთავარი პრესმდივნის მოადგილემ, ოლივია დალტონმა.

CNN -ის ცნობით, მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში დაინახეს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთი შესაძლოა თავს დაესხას სამოქალაქო გემებს, რომლებსაც მარცვლეული გადააქვთ შავ ზღვაში.

„ჩვენ ვნახეთ მინიშნებები, რომ ისინი არსებითად ემზადებიან, რათა პოტენციურად შეუტიონ სამოქალაქო გემებს, რომლებსაც  მარცვლეული  გადააქვთ შავი ზღვის გავლით. ისინი მიუთითებდნენ იმ ფაქტზე, რომ ნებისმიერ სამოქალაქო გემს შავ ზღვაში განიხილავენ პოტენციურად სამხედრო ტვირთის გადამტანად  და ამით შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რას გეგმავენ. ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ ამით”. 

საუბარია მოსკოვის მიერ ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც 20 ივლისის 00.00 საათიდან რუსეთი ყველა გემს, რომელიც უკრაინის პორტებისკენ მიდის, რუსეთი  სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად მიიჩნევს, ხოლო იმ ქვეყნებს, რომლის დროშითაც დაცურავენ ეს გემები, კონფლიქტის მხარედ. 

რუსეთმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დატოვა “მარცვლეულის შეთანხმება”. 

საპასუხოდ, უკრაინამაც განაცხადა, რომ 21 ივლისიდან ყველა გემს, რომელიც შავ ზღვაში გადაადგილდება რუსეთის პორტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, სამხედრო საფრთხედ აღიქვამს. 

ამ განცხადებების მიუხედავად, აშშ-ის შეშფოთების პასუხად, რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ გეგმავს თავდასხმას სამოქალაქო გემებზე. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი