რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტილად გამოცხადების მიუხედავად, სამი უცხოური ხომალდი უკრაინულ პორტში შევიდა, იტყობინება „ფორბსი“.
კერძოდ, სამი სამგზავრო ხომალდი, რომლებიც ეკუთვნის ისრაელურ, ბერძნულ და თურქულ-ქართულ კომპანიას, 30 ივლისს შევიდა მდინარე დუნაის დელტაში მდებარე იზმაილის პორტში. უკრაინული გამოცემა „სტრანას“ ცნობით, შეთანხმების შეწყვეტილად გამოცხადების შემდეგ ეს არის უკრაინულ პორტებში უცხოური ხომალდების შესვლის პირველი შემთხვევა.
„ფორბსის“ ცნობით, ხომალდები თავიანთ კურსს არ მალავდნენ, ხოლო მათ მარშრუტს თვალს ადევნებდა ნატოს სამი სადაზვერვო თვითმფრინავი და ერთი დრონი.
„ცნობა, რომ სამი სამოქალაქო ხომალდი უპრობლემოდ ჩავიდა უკრაინაში, შეიძლება მოწმობდეს, რომ რუსეთს ან არ სურს, ან არ შეუძლია ხომალდების ჩხრეკა ჩაატაროს“, – მიიჩნევენ „ომის კვლევის ინსტიტუტში“.
პორტში ჩასულ ხომალდებს ხორბლით დატვირთავენ, რის შემდეგაც უკან იმავე მარშრუტით დაბრუნდებიან.
რუსეთმა 17 ივლისს განაცხადა, რომ წყვეტს მონაწილეობას შეთანხმებაში, ვინაიდან სხვა მხარეები მის პირობებს არ იცავენ. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეთანხმებას მოსკოვი მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც ის პუნქტები შესრულდება, რომლებიც რუსეთს ეხება. უკრაინამ განაცხადა, რომ მარცვლეულის ტრანსპორტირებას მაინც განაგრძობს.
გაეროსა და თურქეთის მედიაციით მიღწეული შეთანხმება გულისხმობს შავი ზღვის უსაფრთხოების კორიდორს უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ტრანსპორტირებისთვის. რუსეთმა 29 ოქტომბერს შეაჩერა შეთნხმებაში მონაწილეობა და მიზეზად დაასახელა უკრაინული მხარის მიერ რუსულ გემებზე თავდასხმა.
იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორია, საზღვაო პორტების გახსნა და შავ ზღვაში გადაადგილება გლობალური მნიშვნელობის საკითხად იქცა.








