ახალი ამბები

რუსმა ოკუპანტებმა კირბალის ეკლესიის კარი აჭედეს — ქაცარავა

28 აგვისტო, 2023 • 3321
რუსმა ოკუპანტებმა კირბალის ეკლესიის კარი აჭედეს — ქაცარავა

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მდებარე ეკლესიის კარი აჭედეს. შესაბამისი ვიდეომასალა მან დღეს, 28 აგვისტოს გაავრცელა.

როგორც ქაცარავამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, სოფელი კირბალი დიდწილად საქართველოს ტერიტორიაზე ექცევა, თუმცა წმინდა ლომისის ტაძარი ოკუპირებულ ზონაშია მოყოლილი.

მიუხედავად ამისა, “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერის ცნობით, აქამდე ადგილობრივები წელიწადში ერთხელ, ლომისობის დღესასწაულზე მაინც ახერხებდნენ ტაძარში ასვლას.

“[ტაძრის კარის აჭედვას] ლოგიკური ახსნა არ აქვს…  ჩემთვის ესაა ცინიკური [ქმედება], ჩვენი მოსახლეობის დაცინვა და დამცირება.

მათ [საოკუპაციო ძალებმა] ძალიან კარგად იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტაძარი ჩვენი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კირბალელებისთვის, და ამას აკეთებენ მათ დასამცირებლად. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მათ ქრისტიანობასთან და ადამიანურ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვთ”, — აღნიშნავს დავით ქაცარავა.

მისი ინფორმაციით, ტაძრის კარის აჭედვიდან რამდენიმე დღეა გასული.

“შეიძლება 1 კვირაც, მაგრამ მეტი არა”, — დაამატა მან და იქვე აღნიშნა, რომ საოკუპაციო ზონაში სოფლის სასაფლაოს ნაწილიც არის მოხვედრილი.

ქაცარავას ცნობით, გასულ წლებში რუს სამხედროებს კირბალის მრავალი მკვიდრი გაუტაციათ. სოფელში არსებულ სირთულეებზე ადგილობრივებმა “მთავარ არხთანაც” ისაუბრეს.

“ოკუპანტი რუსები გადმოდიან. სალოცავებში ხომ ვეღარ მივდივართ, საფლავებზე ვერ მივდივართ… არავინ ჩვენი პატრონი არ არის, ყურადღებას არავინ გვაქცევს. 3 დღის წინ სოფლის თავზე იყვნენ ჩამოსული რუსები, მენახირეებს ელოდებოდნენ, რომ წაეყვანათ, მაგრამ სოფელმა დაინახა, გააფრთხილეს და ნახირიც აღარ გაუშვეს საძოვარზე”, — აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა.

“ნეტგაზეთი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებას ცდილობს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი